ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მანანა კობახიძეს ბოდიში უნდა მოეხადა, ეს პირველი სისულელე არ არის რაც მას უთქვამს“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ბოლო დღეების მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა. “დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა”. – ამბობს პრეზიდენტი.

წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ინსტიტუტის  ხელმძღვანელის შესაძლო ზეწოლა მმართველმა გუნდმა თავიდანვე არასერიოზულად შეაფასა. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ მარგველაშვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ვიცე-პრემიერმა კალაძემ კი განცხადება ჭორაობად შეაფასა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ზომიერი განაცხადი გააკეთა პრემიერმა და საგამოძიებო სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

“მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ და მაშინვე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში. თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოვრიცხავ, რომ იყოს აქ რაიმე პოლიტიკური კომპონენტი. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავებს და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარნი”. – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებიდან ძალიან მალე მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მთავარი პროკურორი შოთაძე მზად არის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდეს.

შოთაძის “კეთილი ნების” კომენტირებისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე ორჯელ მიმართა საგამოძიებო ორგანოს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შოთაძის უწყება ამ ფაქტებით არ დაინტერესებულა.

უნდა აღნიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენჯერმე ტელევიზიითაც ისაუბრა ზეწოლის კონკრეტულ შემთხვევებზე და მან იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი ღიად დაადანაშაულა ზეწოლის მცდელობაში. ჩნდება კითხვა, რატომ არ დაინტერესდა მთელი ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა ამ საქმით.

“მთავარ პროკურატურას ზეწოლის ფაქტებზე 2-ჯერ მივმართეთ, არცერთზე რეაგირება, წერილიც კი არ გამოუგზავნიათ – ასეთ იგნორირებას ჩხოროწყუს გამგეობა [უკაცრავად, ჩხოროწყუს რას ვერჩი] არ გააკეთებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი არ აღირსოს. შემდეგ 2-ჯერ ტელევიზიით განვაცხადე, მათ შორის იუსტიციის მინისტრზე. ერთხელ ვაჭრობასთან დაკავშირებით, როცა ვენეციის კომისიაზე მევაჭრებოდა, რომ ლმობიერი ვყოფილიყავი ხელისუფლებასთან მიმართებაში. მეორე კი კადრებთან დაკავშირებით – არცერთზე გამოძება არ ყოფილა. პირიქით, ამ ფაქტების შემდეგ გაძლიერდა ზეწოლა. ჩემზე ნაკლებად, გადავიდნენ უკვე ჩვეულებრივ მოსამართლეებზე იმიტომ, რომ მიხვდნენ, ალბათ, ვერ გამტეხდნენ”. – აცხადებს პაპუაშვილი.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის შეფასებები უკიდერუსად არაადეკვატურია, რაც მათი არაკომპეტენტურობიდან გამომდინარეობს.

“მმართველი გუნდის განცხადებები ოთხი წლის განმავლობაში არ ყოფილა ადეკვატური. როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს ქუჩაში ცემდნენ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ისეთი არაფერი ხდებოდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ზეწოლაა ჩემზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც იგივეს აცხადებს და მმართველი გუნდი კი ეუბნება, რომ შენ მთვრალი ხარო. ამაზე კომენტარის გაკეთება საერთოდ არ ღირს. სერიოზული მსჯელობა მანანა კობახიძისნაირებზე აღარც ღირს და დროს არ უნდა ვხარჯავდეთ. რაც შეეხება პრემიერს, გამოჩნდა, რომ ის რეალურად ვერაფერს ვერ აკონტროლებს. მის განცხადებებს შედეგი რა მოჰყვება. თქვენ რამე გამოძიებული გახსოვთ?! ” – აღნიშნავს შარაშენიძე “მეტრონომთან” საუბარში.

“ქართული ოცნების” ლიდერ გია ვოლსკის მიაჩნია, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება პაპუაშვილის მიმართ ემპათიის გამოხატულება იყო და თუ პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში მართლაც ჩატარდა ჩხრეკა, ეს პრეზიდენტს არ უნდა დავუკავშიროთ.

“მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა. კი, ბატონო, თქვენ გაშანტაჟებენ და იცით რა, ჩემზეც არის შანტაჟი. ერთი თვის წინ მის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება გაჩხრიკეს თურმე და ამას ასაბუთებს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფარებელი განცხადებაა. გიდასტურებთ, მართლაც იყო ჩხრეკა, მაგრამ რა შუაშია პრეზიდენტი?” – აცხადებს ვოლსკი.

“სამართიანი არჩევნების” იურისტი გიორგი ნონიაშვილი “მეტრონომთან” საუბარში პროკურატურაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ნონიაშვილს მიაჩნია, რომ პროკურატურა ცდილობს ამ საკითხების იგნორირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

“სამართლებრივად ასეა, რომ თავად ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ უფლებრივი მდგომარეობა შეეზღუდა, რაიმე უფლება დაერღვა, ან მის მიმართ დანაშაულია ჩადენილი, მას შეუძლია პროკურატურას მიმართოს, თუმცა ეს იმას არ გამორციხავს, რომ თავად პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება თავისი ინიციატივით, მიმართვის გარეშე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ აპელირება უნდა მოხდეს, რომ ამ ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი ნდობა აქვთ და მნიშვნელოვანია დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგისთვის. ვფიქრობ პროკურატურა არ უნდა დაელოდოს და თვითონვე უნდა დაიწყოს გამოკვლევა რა მოხდა სინამდვილეში. იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ცდილობს სამართლებრივ-პოლიტიკური პასუხისმგებლობის აცილებას. ამის საფუძველს წინა შემთხვევები მაძლევს, პაპუაშვილმა მიმართა პროკურატურას და ამ საკითხზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურის ასეთი პოზიცია ვნებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. როგორ წარმოგიდგენიათ იუსტიციის სამინისტრომ და პროკურატურამ ყველა საკითხი აიცილოს, რომელზეც მიმართვა არ ექნება. ასეთი რამ შეუძლებელია. პროკურატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თავისი ინიციატივითაც შეეძლოს რაღაცეების კეთება. თუ შოთაძე და წულუკიანი ცდილობენ სხვა ინსტიტუტების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაული არასერიოზულად წარმოაჩინონ ეს პრობლემაა არა სამართლებრივად არამედ პოლიტიკურად“. – აღნიშნავს „მეტრონომთან“ ნონიაშვილი.

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უმოქმედოა ასეთი საკითხების მიმართ და საკმარისი პოლიტიკური ნება არ გააჩნია მსგავსი ტიპის საქმეები გამოიძიოს.

„როდესაც ამ განცხადებას ვაფასებთ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, პრეზიდენტი და სასამართლო თავმჯდომარე მაღალი თანამდებობის პირები არიან და მათგან წამოსული განცხადებები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ამის მიუხედავად, ხელწერა ერთია, მთავრობა ვიღაცებს ოპონენტებად ხედავს და ამ შემთხვევაში პაპუაშვილსაც და მარგველაშვილსაც მთავრობა ოპონენტებად ხედავს და ცდილობს მათზე გარკვეული ზეწოლა მოახდინოს. ეს განცხადებები ნათლად აჩვენებს, რა ვითარებაში ვართ, თუ ხელისუფლება ასეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ზეწოლებს არ უშინდება, მაშინ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან ოპონენტებზე უფრო თამამად განახორციელოს  ზეწოლას. სამწუხაროა, როცა ასეთი არაადექვატური განცხადებები გვესმის. მთავარი პრობლემაა არა განცხადებები, არამედ უმოქმედობა. რეალურად არაფერზე არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ეს ყველაფერი კი ირიბად ადასტურებს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან მართლაც ხელისუფლება დგას, თავის თავს ხომ არ გამოიძიებს?! ხელისუფლების პოლიტიკურ წარმომადგენლებს ჭკუა უნდა ჰქონდეთ იმის მიუხედავად რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებენ სულელური განცხადებები მაინც არ გააკეთონ. რაც შეეხება პროკურატურას, მგონი არცერთ ჭკუათმყოფელს არ აქვს იმედი, რომ ამ საქმეს ეს პროკურატურა გამოიძიებს“. – ამბობს ნოდია „მეტრონომთან“ საუბრისას.

მოგვიანებით, სახელისუფლებო პოზიციები ცოტათი დათბა და მთავრობის წარმომადგენლებმა პაპუაშვილ-მარგველაშვილს საგამოძიებო ორგანოებისკენ მიუთითეს.

“ვისურვებდი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, როდესაც ასეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, როცა თავისუფალი იქნება, მივიდეს შეაბამის ორგანოებში, რაკი იცლის არასამთავრობოებთან, სხვა პირებთან შესახვედრად. მან, პირველ რიგში, უნდა მოიცალოს საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, თუკი მას ამგვარი აქვს. მაქვს ვარაუდი, რომ, ალბათ, თავმჯდომარე მანდატის დასრულებამდე ცდილობს, თავი დაგვამახსოვროს.” – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი სახელისუფლებო გუნდის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს. ხუხაშვილი „მეტრონომთან“ განმარტავს, რომ მანანა კობახიძე და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები მწვავე განცხადებებით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილს აამონ. ყოფილ თანაგუნდელ კობახიძეს ხუხაშვილი ურჩევს საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ალკოჰოლთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

“ეს განცხადებები საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციაზე გავლენას იქონიებს. არა იმდენად ქვეყნის შიგნით რამდენადაც ქვეყნის გარეთ. ჩვენი სახელისუფლებო ელიტა კი ცდილობს რომ ჭორაობით და მსგავსი ტერმინოლოგიით ილაპარაკოთ. ისინი არ ითვალისწინებენ მარტივ რაღაცას, რომ ჩვენი პარტნიორების თვალში მარგველაშვილის ეს განცხადება ძალიან მძიმეა. შესაბამისად ასეთი ინფანტილური, არაკომპეტენტური დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ამ თემაზე აგდებულად საუბარი არ არის ადეკვატური საქციელი. პოლიტ-ტექნოლოგიურად სწორი ნაბიჯი იქნებოდა, რომ პაპუაშვილის განცადებაზე გამოძიება დაწყებულიყო და თუ ისინი თვლიდნენ, რომ პაპაუაშვილი ცრუობდა ან რაღაც პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა გამოძიებით დაედასტურებინათ ეს. როგორც ჩანს ხელისუფლება საღაზრს მოკლებულია. ეს იმის გამოვლინებაა, რომ დღევანდელ მმართველ გუნდს აქვს კარგად ჩამოყალიბებული მაზოხისტური ბუნება. ისინი პრობლემებს კი არ წყვეტენ, არამედ იჩალიჩებენ უფრო დიდ პრობლემებს. სულ არ შედგებოდა ეს ბრიფინგი თავის დროზე ადეკვატური რომ ყოფილიყო ხელისუფლება. ახლა გამოძიების დაწყებით ვერაფერს ვეღარ მოახერხებენ, სკანდალი უკვე შედგა, დასავლეთმა ეს უკვე დაინახა. რაც შეეხება პაპუაშვილს, მის ობიექტურობაზე მაღალი აზრის მეც არ ვარ, მაგრამ ხელისუფლება აბსურდში გადავიდა, როცა პრეზიდენტს ინსტიტუტების დისკრედიტაციაში ედავებოდა. გეკითხებით, ვინ ახდენს ინსტიტუტების დისკრედიტაციას ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი მთვრალი იყო, თუ მარგველაშვილი? მანანა კობახიძეს ბოდიში უნდა მოეხადა. ეს პირველი სისულელე არ არის რაც მანანა კობახიძეს უთქვამს. მანანა კობახიძეს მიკროფონს ვერ აგდებინებენ, რასაც ლაპარაკობს პრაქტიკულად ყველაფერი სისულელეა”. – აღნიშნავს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი თქმით “ოცნების” წევრებს ჰგონიათ, რომ მარგველაშვილის გინებით ივანიშვილის გულს მოიგებენ, თუმცა როგორც ის განმარტავს სახელისუფლებო ელიტა ცდება, რადგან მარგველაშვილ-ივანიშვილს უფრო მეტი რამ აკავშირებს ვიდრე მათ.

“მე გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი ეუბნებოდეს ამ ადამიანებს მარგველაშილის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებები აკეთონ. პატარა ადამიანების ფსიქოლოგია ასეთია, მათ მიაჩნით, რომ მარგველაშვილს რაც უფრო მაგრად გალანძღავენ, ეს ივანიშვილს ესიამოვნება. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ეშლებათ. სინამდვილეში ასე არ არის. ივანიშვილ-მარგველაშვილს შორის იმის მიუხედავად, რომ ახლა მათ ურთიერთობაში  პრობლემებია ბევრად უფრო მეტი რამ აკავშირებთ, ვიდრე ამ ადამიანებს. არცერთ ადამიანს არ მოსწონს თავისი მეგობრის მიმართ, თუნდაც ეს მეგობრობა წარსულში იყოს, ისეთი სისულეების მოსმენა, რაც მანანა კობახიძემ თქვა. ივანიშვილი თავის რეაქციას არ აჩვენებს არც დადებითს და არც უარყოფითს. ეს ადამიანები იქცევიან არა პოლიტიკური ლოგიკით, არამედ როგორც მრევლი. მრევლი, რომელიც ცრურწმენებითაა შეპყრობილი და ჰგონიათ, რომ ღმერთს ასიამოვნებენ ურწმუნოებისთვის ქვების სროლით”. – აღნიშნავს ხუხაშვილი.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

 

იტვირთბა....