სეზონის დადგომასთან ერთად ნაყინი ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტად მოიაზრება. ეს გემრიელი დესერტი შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო აღმოჩნდეს, თუ მისი დამზადების სტანდარტები და ვადა დაცული არ იქნება.
მაგალითისთვის, შეუმოწმებელი და არასათანადო პირობებში მომზადებული ნაყინი შესაძლებელია შეიცავდეს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს, კოლი–ფორმებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
„მეტრონომი“ დაინტერესდა, რამდენად დაცულია მომხმარებელი მიმდინარე სეზონზე და ქართულ ბაზარზე არსებულ ნაყინთა სხვადასხვა ბრენდი თუ კომპანია რამდენად მოწმდება.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, მათ შორის ნაყინის შემოწმებაც ხდება. მიმდინარე წელს შემოწმების შედეგად დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის განცხადებით, კი 2016 წლის 07 ივლისს, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შემოწმდა ექვსი სახეობის ნაყინი. ესენია:
- ნაყინი პლომბირი ვანილის „თოლია“(27.06.16);
- ნაყინი პლომბირი ვანილის „პალომა“ ნიკორა (29.06.16-29.12.16);
- ნაყინი პლომბირი ვანილის „სამტრედიის“ (გამოშვების ვადა მითითებული არ ჰქონდა);
- ნაყინი პლომბირი ვანილის „პინგო“ (03.06.16-03.12.16);
- ნაყინი პლომბირი ვანილის „გურჯაანი“ (25.06.16);
- ნაყინი პლომბირი ვანილის „ბარამბო“ (09.06.16-09.06.17).
ექვსივე პროდუქტი სპეციალური მაცივარ კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიაში ანალიზისათვის.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ნაყინში შემოწმებული პარამეტრები შეესაბამება დღეისათვის საქართველოში მოქმედი “სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი”-ს მოთხოვნებს, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა.