ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ. ინციდენტის დროს დაშავებული სამი პირი კი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოება, – ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„კვირიკაშვილს დღეს საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა. შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. თუ ყველაფერი ნორმაში იქნება, დღეს თუ არა ხვალ გავწერთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კი კვლავ უცვლელია. ხელოვნური სუნქთვის აპარატზე არიან შეერთებულნი და მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში მათი მდგომარეობა არ შეიცვლება“, – განაცხადა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.