მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ „მაესტროს“ ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

 

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია” (IAGJ), ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში. ასოციაცია მხარდაჭერას გამოხატავს ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი თანამშროლების მიმართ, რომლებიც არხის მენეჯმენტმა დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

როგორც ირკვევა, გადაცემების, „ბიზნესკონტაქტს“ და „საქმიანი დილის“ 27 თანამშრომელს ტელეკომპანია „მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მოუწოდებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას დაიცვას ჟურნალისტთა შრომითი უფლებები და უფრო მეტად გაეცნოს და გაითვალისწინოს ამ მიმართულებით აღიარებული საერთაშორისო ნორმები.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მზად არის ჩაერთოს როგორც დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის დავის მოგვარებაში, ასევე უფასო იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს ჟურნალისტებს და ტექ-პერსონალს სასამართლოში.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ“ ტელეკომპანია „მაესტროში“ შექმნილი ვითარების შესახებ და შემდგომი, ადეკვატური რეაგირების მიზნით, აცნობა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც მსოფლიოში მასმედიის წარმომადგენელთა ყველა დიდი გაერთიანებაა.

ამასთან, აქვე აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ამ ეტაპზე, ევროკავშირის მხარდაჭერით ანხორციელებს რეგიონალური მასშტაბის მედია-პროექტს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი არის მედიის წარმომადგენელთა შრომითი უფლებების დაცვა და მედიაში პროფკავშირების ცნობადობის ამაღლება.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ გულდასმით მიადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს და იმოქმედებს ადეკვატურად, საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.

იტვირთბა....