ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე დღეში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

საქმეზე ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ევროსასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს, ამ ინფორმაციას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ავრცელებს. საქმე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობის ეპიზოდს უკავშირდება.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, იგივე სტრასბურგის სასამართლო გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე. მე მინდა, ვუთხრა, ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს, სიმართლე აუცილებლად დამტკიცდება,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ოთარ კახიძემ.

ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს, მას გამოძიება ამომრჩეველთა მოსყიდვას, სხვისი ქონების მითვისებას და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

2014 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექსპრემიერი დამნაშავედ სცნო ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებაში და მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს 2013 წლის 22 და 25 მაისს მიღებული გადაწყვეტილებების ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეხუთე თავის რამდენიმე პუნქტისა და მეთვრამეტე მუხლთან შესაბამისობაზე. მერაბიშვილის მხარის პოზიციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი დასაბუთების გარეშე მოხდა. მერაბიშვილის პოზიციით, მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო საქმეები პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

 

იტვირთბა....