“ნუ ჩავეწერებით რუსულ პროპაგანდაში და შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ის არ არსებობს,” – ამ განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, იმ ვრცელ განმარტებაში აკეთებს, სადაც ხსნის, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ პოლონეთში ნატო-ს წვრთნებში მონაწილეობა.
თინა ხიდაშელმა ვრცელი განმარტება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მისი უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე პუნქტით ახსნა.
მასში ნათქვამია, რომ გამგზავრებამდე მხოლოდ 24 საათით ადრე გახდა ცნობილი, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ჩუტყვავილა ჰქონდა.
“იყო მაღალი რისკი და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ ასეულის გაგზავნა. სამწუხაროდ, ექიმები მართალი აღმოჩნდნენ. დღევანდელი მდგომარეობით უკვე 7 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს,” – წერს ხიდაშელი.
მისი თქმით, ასეულის ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა დროის უქონლობის გამო.
ამასთან, ხიდაშლი განმარტავს, რომ ამის შესახებ სრული ინფომრაცია პრეზიდენტის თანდასწრებით მან უშიშროების საბჭოს მდივანს მიაწოდა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მოხსენებისთვის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიმართ.
2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწვლებაში ANAKONDA-16 ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა, ასეული პოლონეთში არ გაემგზავრა.