ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ქმრისა და არასრულწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღესვე, წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, მსაჯულის მოვალეობის პატიოსნად და მიუკერძოებლად აღსრულების თაობაზე.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

მომდევნო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით 13 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

იტვირთბა....