განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში წამების კადრების ჩვენების შესახებ ადასტურებს.
ჯეჯელავას თქმით, წამების ამსახველი კადრების ჩვენება განათლების სამინისტროსთან შეუთანხმებლად მოხდა.
“სამწუხაროდ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, გაიზრდება ცდუნება, რომ სასკოლო სისტემა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. აღნიშნულ ფაქტზე გვაქვს ინფორმაცია, მიმაჩნია, რომ ეს იყო გულუბრყვილო შეცდომა, როდესაც სკოლის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა. რადგან მათ ეს დაუშვეს, როგორც ოჯახის სიწმინდე და ქართული ტრადიცია. ნაჩვენები იყო წამების კადრები, მგონია, რომ ამ ადამიანებს ეს ნეგატივი არ შეუფასებიათ. განგიმარტავთ, რომ სკოლები თვითონ გეგმავენ თავიანთ კულტურულ საქმიანობას. მითითება, ეს ფილმი აჩვენონ თუ არა, სამინისტროს მხრიდან არ ხდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, გუშინ საჯაროს სკოლაში კადრების ჩვენების საკითხი განათლების სამინისტროს პრესსამსახურში უარყვეს. უწყებაში განმარტეს, რომ სკოლაში მხოლოდ ლევან ვასაძის მიერ ჩატარებული კონგრესის ნაწყვეტი აჩვენეს. “მეტრონომი” დაუკავშირდა რუსთავის მე-2 სკოლის დირექტორსაც. ლალი ერქომაშვილმაც გაიმეორა განათლების სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება და მხოლოდ ვასაძის კონგრესის ჩვენების ფაქტი დაადასტურა.