“ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს“, – ეს სიტყვები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაშინგტონში ვიზიტისას წარმოთქვა.
საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე დასავლეთს მოუწოდებენ გადადგან „გაბედული“ ნაბიჯები ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფების მხარდასაჭერად და მოსკოვისთვის იმის საჩვენებლად, რომ ის არ განსაზღვრავს დღის წესრიგს.
„ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება სწორედაც რომ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ევროპის უსაფრთხოებისათვის. და მე უფრო შორსაც კი წავიდოდი: არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს თავისუფალი ევროპ, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა მშვიდობიანი და უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად ქცეული საქართველოს გარეშე“, – აღნიშნა ხიდაშელმა
ხიდაშელმა სცადა „ატლანტიკურ საბჭოში“ შეკრებილების დარწმუნება, რომ, უწინარეს ყოვლისა, საკუთრივ ნატოს ინტერესებში შედის ალიანსში საქართველოს მიღება: „თქვენ უფრო უნდა იყო დაინტერესებული ნატოში ჩვენი მიღებით, ვიდრე საქართველოა. თქვენ საქართველო იმაზე კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ დღეს გვჭირდება ნატოში გაწევრიანება. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას, დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ მას არა აქვს ვეტოს უფლება, რომ ის არ მართავს თქვენს პოლიტიკას, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს თქვენს მაგივრად. რადგან ამ დარბაზშიც და გარეთაც ყველამ იცის, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო აქამდე არ არის ნატოს წევრი – არის ის, რომ ეს რუსეთს არ სურს“, – ამბობს ხიდაშელი.
„ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, მონაწილეობდნენ ჩერნოგორიის თავდაცვის მინისტრი მილიცა პეანოვიჩ-ჯურიშიჩი, უკრაინელი პარლამენტარი ჰანა ჰოპკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.