„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები უჩვენეს. როგორც მამუკა ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მიზანმიმართულად ხდება. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.
„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი ქალაქ რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლაში. დღეს, ამ სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეებისათვის მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ძალიან მძიმე კადრები იყო წარდგენილი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მხრიდან, არაერთხელ იყო დაპირება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდებოდა და მსგავსი ფაქტები იქნებოდა აღკვეთილი, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა გადაინაცვლა საჯარო სკოლებში, სადაც ამის უშუალო მონაწილეები ხდებიან მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეები.
ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ეს სახიფათოა, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება საზოგადოების დაყოფა – ეს არის მცდელობა საზოგადოების დაყოფის და დაპირისპირების ამ პროცესებში. ეს ყველაფერი ხელდასმულია ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად მთავრობის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს დროულად უნდა აღიკვეთოს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად, ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვოთ პასუხი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს – რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის ხელმძღვანელს და უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფილმის ჩვენებაში იყვნენ ჩართული და მოიაზრებიან ორგანიზატორებად. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ახლად დანიშნულმა მინისტრმა დროული რეაგირება მოახდინოს ამ საზარელ ფაქტზე და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას მსგავს მძიმე, ძალიან სახიფათო, ძალიან საშიშ ტენდენციას”.- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
„მეტრონომთან“ განათლების სამინისტროში უარყვეს ჩიქოვანის მიერ გავრცლებული ინფორმაცია. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსწავლეებმა ლევან ვასაძის მიერ ჩატარებული კონგრესის კადრები ნახეს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ მოწყობილი კონგრესი, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ქსენოფიბიურ და ფომოფობიურ განცხადებებს შეიცავდა და რატომ გახდა საჭირო მოსწავლეებისთვის მისი ჩვენება და განუმარტეს თუ არა მოზარდებს გარკვეული გამონათქვამების სიზუსტე, უცნობია.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროცესზე პასუხისმგებელი სკოლაა და უწყება მხოლოდ მონიტორინგის ფუნქციით შემოიფარგლება.
“მეტრონომი” რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორსაც ესაუბრა. დირექტორმაც უარყო ჩიქოვანის დღევანდელი განცხადება. ლალი ერქომაიშვილის თქმით, ისტორიის კათედრის გადაწყვეტილებით მოსწავლეებს ვასაძის კონგრესი აჩვენეს, რათა მათში პატრიოტული სულისკვეთება გაზრდილიყო.
რაც შეეხება იმ რისკებს, რასაც ამ კონგრესის კონტენტი შეიცავდა, დირექტორმა არ იცის განუმარტეს თუ არა მასწავლებლებმა ბავშვებს ვასაძის ჰომოფობიური თუ ქსენოფობიური განცხადებები.
“ჩიქოვანის განცხადება სრული სიცრუეა. რომელი ჭკუათმყოფელი სკოლა აჩვენებს ბავშვებს წამების ამსახველ კადრებს. ისტორიის კათედრას უნდოდა ბავშვებისთვის ლევან ვასაძის სიტყვა საოჯახო კონგრესზე ეჩვენებინა. როგორც კათედრამ ამიხსნა ამით ბავშვებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება უნდა მომხდარიყო. საერთოდ ამ კათედრამ წელს ამ მიმართულებით ბევრი ღონისძიება ჩაატარა. მითხრეს, რომ ვასაძე იყო პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოჯახზე, ქართულ ღირებულებებზე და საქართველოს ისტორიის ძალიან კარგი შეფასება. მთხოვეს ერთი გაკვეთილის ფარგლებში ეს კადრები ბავშვებისთვის გვეჩვენებინა, მეც დავთანხმდი.” – აცხადებს ლალი ერქომაიშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად დირექტორს აღნიშნული კონგრესი და ვასაძის გამოსვლა ნანახი არ აქვს.