ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას პასუხობს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ეხმაურება ტელეკომპანია ,,რუსთვი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მიერ სამოქალაქო საქმეთა განხილვის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს განცხადებით, ხსენებული ინფორმაცია  არ შეესაბამება სინამდვილეს და მასში ფაქტები არ არის სრულყოფილად მითითებული:

“კერძოდ, მოსამართლე შორენა ყაველაშვილს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს სამოქალაქო სამართლის სრული 18 თვიანი კურსი და შესაბამისად წარმატებით აქვს ჩაბარებული გამოცდები, რითაც დასტურდება მისი უნარები სამოქალაქო სამართალში. გარდა ამისა, მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებს სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და განხილული აქვს 1000- ზე მეტი სამოქალაქო საქმე.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, განვმარტავთ, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ განიხილოს სხვა სპეციალობის საქმე. მოსამართლე შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოები ხშირად განიცდიან მოსამართლეთა სიმცირეს, აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე გამოიყენება სამივე ინსტანციის სასამართლოებში და წარმოადგენს, ფაქტობრივად ერთადერთ საშუალებას, თავიდან იქნას აცილებული საქმეთა განხილვის მნიშვნელოვანი გაჭიანურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2″-ის საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა მოსამართლე შორენა ყაველაშვილს და მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავოს იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,-ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას განცხადებით, მის მიერ მოპოვებული საბუთებით მტკიცდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია, რომელმაც „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა, არაუფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო დავა, რადგან   მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა 2005 წლის 18 ივნისს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, კანონის თანახმად კი ყავლაშვილს არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც „რუსთავი 2“-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.

 

იტვირთბა....