ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„დიახ, ნაცმოძრაობა პარტნიორების სახით ცდილობდა ამის გაკეთებას“: ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ უილიამსონის განცხადებას ეხმაურება

„ვერ გეტყვით, რომ მთლიანად, რომელიმე პარტია იყოს ამ საქმეში ჩაბმული, მაგრამ მე თვითონაც ძალიან ხშირად მეჩვენებოდა, რომ ერთ-ერთი ქართული პარტია მართლაც ცდილობდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებას” – ამის შესახებ „მეტრონომთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

ბერძენიშვილი ჩვენთან საუბარში საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, სარა უილიამსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში სავარაუდოდ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები საკუთარი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ ლობირებდნენ. მისი ვარაუდით, ევროკავშირის მხრიდან პოზიციის გამოხატვის შეფერხება, შესაძლოა, ამ პარტიების ქმედებებს უკავშირდებოდეს.

„ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს საკუთარი თავის, მაგრამ არა იმდენად, როგორც ზოგიერთ ქართულ, სავარაუდოდ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ლობირებდნენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის მოქალაქეობრივი, ან პატრიოტული საქციელი. ეს ნარცისიზმი და გულისამრევია” – წერს უილიამსონი სოციალურ ქსელში.

სარა

ამ განცხადების შემდეგ „მეტრონომი“ უილიამსონს დაუკავშირდა. კითხვაზე, კონკრეტულად რომელ პარტიას გულისხმობდა ის და რაში გამოიხატებოდა მათი პროცესის წინააღმდეგ ლობირება, გვიპასუხა, რომ მას ეს განცხადება იმისთვის არ დაუწერია, რომ პრესაში გაჟღერებულიყო, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პარტიებმა იციან რასაც გულისხმობს, მისი მიზანიც სწორედ ეს იყო.

„მე არ დამიწერია იმისთვის, რომ პრესაში გაჟღერებულიყო. ვისაც ვგულისხმობ, მათ იციან რასაც ვგულისხმობ და სწორედ ეს მქონდა მიზნად. მე არ მსურს გავაკეთო საჯარო განცხადება და დავასახელო რომელიმე პერსონა ან პარტია. ჩემი მიზანი არ იყო რომელიმე პარტიის დაზარალება, ან მხარდაჭერა; სწორედ ამიტომ არავინ დამისახელებია. მე მხარი დავუჭირე საქართველოს და მოვუწოდე სხვა პროდასავლურ პარტიებს იგივე გააკეთონ“- აღნიშნა „მეტრონომთან“ საუბრისას სარა უილიამსონმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი კი „მეტრონომთან“ ადასტურებს, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობას ამ ერთობ არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში. მან, უილიამსონისგან განსხვავებით, პარტიის სახელიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს პროდასავლური ქართული ძალა, „ნაციონალური მოძრაობაა“. ბერძენიშვილი იხსენებს, რომ საქართველოს ევროპასთან ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ის თავად ესწრებოდა, ეს აშკარად ჩანდა.

„ამას ჩვენ ვაკვირდებოდით ევროპარლამენტში, როდესაც საქართველოს ევროპასთან ასოცირების კომიტეტის სხდომა იყო. ჩვენ ვმონაწილეობდით და იქ ეს აშკარად ჩანდა. მართალია ქართველი დელეგატები ასე არ იქცეოდნენ, მაგრამ მათი კოლეგები მაგალითად, პოლონელი მოღვაწე ვოლსკი და ზოგიერთი სხვა „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი აშკარად ცდილობდა საქართველოს დაბლოკვას ამ მიმართულებით, ასე რომ,  მე ამის მოწმე ვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს რთული თამაში იყო, ქართული ნაწილი თითქოს არ იღებდა ამ თამაშში მონაწილეობას და ამიტომ, თითქოს პირდაპირ ხელს ვერ დაადებ, მაგრამ სინამდვილეში, დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველ შემთხვევაში, თავისი პარტნიორების სახით, ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ ეს ყველას არ ეხება“ – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის განმარტებით, ასეთ დროს პარტიის ინტერესი ის არის, რომ ხელისუფლებას არანაირი – არც საგარეო და არც საშინაო წარმატება არ ჰქონდეს.

„ასეთ დროს მათ აინტერესებთ, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არანაირი წარმატება – არც საგარეო და არც საშინაო. ეს არის წმინდა ოპოზიციური მიდგომა, როცა ქვეყანაზე მაღლა  პარტიული ინტერესი დგება. მაგრამ შეიძლება იმ პარტიაში იყვნენ წევრებიც, რომლებსაც ეს არ ეხებათ. საქართველოში ჩვენ ორპარტიული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ყველას გვინდა ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ უფრო რთულ თამაშში, რომელსაც ახსენებს ამერიკელი მეგობარი, დიახ, ასე ჩანდა, რომ  „ევროპის სახალხო პარტიის“ დახმარებით ისინი ცდილობდნენ ამას, ოღონდ ყველა არა, იქაც დაჯგუფებაა. მე არ ვარ მომხრე, რომ გამოვიძიოთ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მინახავს.  ორი-სამი „ნაციონალი“ ამ საქმით იყო დაკავებული“ – განაცხადა ბერძენიშვილმა „მეტრონომთან“.

მისი თქმით, შეიძლება პროცესები გაიწელოს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ, ვინაიდან საქართველომ  ყველა ის პირობა შეასრულა, რომელიც ევროპამ წარმოგვიდგინა.

„აქ არ არის იმაში საქმე, რომ ვიზალიბერალიზაციას აძლევენ იმათ, ვინც მოეწონებათ. ჩვენ უკვე მოწონებული ვართ, ჩაბარებული გვაქვს ეს გამოცდა. ახლა, უბრალოდ ლაპარაკია „მატრიკულში“ როდის ჩაგვიწერენ. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება. ვნახოთ, ხვალ, ან ზეგ… მოთმინებით აღვიჭურვოთ, იმიტომ, რომ ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე იმსჯელებენ. იქნებ მათ იპოვონ კონსესუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რომ ვიმუშაოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ამბავი საქართველოს აუცილებლად მოუწევს“ – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ცოტა ხნის წინ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 70%-იანი ალბათობით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახლა მიიღებს, თუმცა 100%-იანი ალბათობით, ეს წლის ბოლოს მოხდება. ივანიშვილმა აღნიშნული საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანზე დაყრდნობით განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ჰერმანთან შეხვედრა ერთი თვის წინ ჰქონდა.

„მე ვფიქრობ, არადამსახურებულად საქართველო მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდა ვიზალიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზალიბელარიზაციის მიღება. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ მის სიტყვებასაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-ი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს. გერმანია, იტალია და საფრანგეთი ამ ეტაპზე არ ეთანხმებიან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. ვიზების ლიბერალიზაციის განხილვა  10 ივნისს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაგრძელდება.

გერმანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართველი თავშესაფრის მაძიებელი პირები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე მეტ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან. გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისიტან-სოციალისტური კავშირის წარმომადგენლები კი  აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება საფრთხის შემცველია და ამის მიზეზად ისინი ქართველებს შორის კრიმინალის მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ.

აღსანიშნავია ის, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ საქართველოში  სოციალური კამპანია აგორდა. გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ღია წერილით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს.  ისინი ცდილობენ რეაგირებას ამ ინფორმაციაზე და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, ხოლო საქართველოს დაბლოკვის მცდელობა თავად ევროკავშირის ღირებულებების ღალატად მიაჩნიათ. წერილი, რომელიც ქართველმა სტუდენტმა მიხეილ სარჯველაძემ დაწერა, გამოქვეყნებულია გერმანულ გამოცემა huffingtonpost-ზე  სახელწოდებით, “საქართველო არ არის კრიმინალური ქვეყანა“.

წერილი

ასევე, გამოქვეყნდა პეტიციაც, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მოთხოვნით, სადაც ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მნიშნელოვნად არიან დამოკიდებული ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე. პეტიციას, რომელსაც ამ დროისთვის 3,408 ხელმომწერი ჰყავს და ადრესატამდე (ევროპის კავშირი, ევროპის იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭო და ნიდერლანდების მთავრობა) მივიდეს, 5000 ხელმომწერი სჭირდება.

ამ კამპანიაში ჩვენი რედაქციაც ჩაერთო. „მეტრონომის“ რედაქტორი, გენო ჯოხიძე ევროსაბჭოს მიწვევით, ბერლინში, კონფერენციაზე იყო მიწვეული, რომელიც არჩევნების თემას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანიას აქვს მცდელობა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დაბლოკოს, მან ამ მოწვევაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა.

„დიახ, მე, გაზეთის რედაქტორი, პროტესტის ნიშნად აღარ მივდივარ დაგეგმილ კონფერენციაზე ბერლინში. თითქოს მერე რა?! ვიღაც ერთი ჟურნალისტი… ნამდვილად, დღეს მე ცოტა ვარ, მაგრამ იმედი მაქვს ხვალ, ჩემს პროტესტს ბევრი შეუერთდება… და ჩემი წარმოდგენა პუნქტუალური, ყველაზე მოწესრიგებული და შრომისმოყვარე გერმანელების მიმართ, იმ პერსონებზეც გავრცელდება, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ევროპისთვის უნდა დაიბლოკოს“ – აღიშნულია ბლოგში, რომელსაც გაზეთ „მეტრონომის“ მთავარი რედაქტორი გენო ჯოხიძე წერს.

ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა ადასტურებს თავის თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს  უვიზო მიმოსვლა ექნება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ღია წერილით მიმართეს ევროპის საბჭოს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა პირობა და ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას ელის.

“საკითხის განხილვის გადადება უარყოფით გავლენას იქონიებს ევროინტეგრაციის პროცესებზე და იმ რეფორმებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს.” – ნათქვამია წერილში.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....