ვეგანური კაფე kiwi-ს თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, “ნეტგაზეთტან” აცხადებს, რომ მეზობლებისა და კაფეს შენობის მეპატრონის დამოკიდებულების გამო, იძულებული არიან, ალტერნატიული ფართი მოძებნონ.
„გვაქვს აუდიოჩანაწერი დიქტოფონზე, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ გავავრცელებთ. რომ გადავალთ მერე გავავრცელებთ. ფართის მფლობელის შვილი გვეუბნება, რომ ვეგეტარიანელობა გამიგია, ოღონდ საქართველოში ვერასდროს ვერ მივიღებთ კაცს, რომელსაც შარვალზე ყვავილები ახატიაო. ფართის მფლობელი ამბობს, რომ მეზობლები გვეუბნებიან, მოაშორე აქედანო. ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ პირველ რიგში გადასვლა, იმიტომ, რომ მოგვაშორებინეს გარედან სკამები და ყველა დასაჯდომი, თქვეს, რომ შიგნით იყავით, გარეთ არ გვინდა გიყურონო, იმიტომ, რომ მერე მოდიან და გვეუბებიან რაღაცებსო. ეს რეალურად, დისკრიმინაციაა, როდესაც ადამიანებს განასხვავებენ იმით, თუ როგორ გამოიყურებიან,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, კაფეზე გაქირავების განცხადება თავად მეპატრონემ გამოაკრა.
რაც შეეხება ალტერნარიულ ადგილს, სადაც უნდა გადავიდნენ, კაფეს ჯერ მოძიებული არ აქვს.
“ჯერ-ჯერობით პოზიტიურად ვუყურებთ, რომ უკეთესი იქნება, იმიტომ, რომ ცოტა დიდი ფართიც შეიძლება ავიღოთ,”- აცხადებს კაფეს თანამშრომელი.
შეგახსენებთ, 29 მაისს ვეგანურ კაფეზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში ნონო ანთაძემ დაწერა:
“მივედი კივიში, – ვერცხლის ქუჩაზე ძაან საყვარელი და გემრიელი ვეგეტარიანული კაფეა, – შევუკვეთე 2 ბურგერი და 2 ლიმონათი, დავჯექი და ველოდებოდი ანას, თან ანიმაციური ფილმი გაუშვეს კედელზე და ვუყურებდით… იყო სიმშვიდე და კარგი სიტუაცია. ამ დროს კაფეში შემოვიდა ნაცისტური დაჯგუფების 10 ყ.. და შემოყარეს კაფეში სოსისები, შამფურით მწვადები და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. ბარმენმა და მიმტანმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს და სულ ფეხებზე ეკიდათ, ვინ იყო მართალი. ვიღაც აივნიდან გამოდგა და ჰაერში ისროდა, იმედი მაქვს, გაზის იარაღით… მოვიდა პატრული, 10 ყ.. უკვე გაქცეული იყო… პატრულმა იმის გამო, რო ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რომ ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები. 2 კამერაა იქვე და იმედია, ნახავენ ჩანაწერს და გაიგებენ, რაც მოხდა. მოკლედ, ყველაფერი საშინელება გამიგია ამ ქვეყანაში, მარა – ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო??? – ეგეთი აღარ გამიგია! – ხორცს რატო არ ჭამ, ბიჭოოო??? მოდი, მიკბინე, მიკბინეეე!!! – 13 წელია ხორცი არ მიჭამია, მარა ასეთი არ გამიგია და რა ვქნა”.
ამ ინციდენტის შემდეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.