პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე NATO-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.
კვირიკაშვილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში, ანტიდასავლური პროპაგანდა გაძლიერდა, თუმცა საქართველოს მთავრობა აღნიშნულ პროპაგანდას დაუპირისპირდა.
„ბუქარესტის სამიტზე, NATO-ს 28 წევრმა სახელმწიფომ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველო ალიანსს მალე შეუერთდება. დეკემბრის მინისტერიალის დროს აღნიშნული მზადყოფნა კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც აღინიშნა, რომ „საქართველოს ურთიერთობას ალიანსთან აქვს ყველა პრაქტიკული მახასიათებელი, რაც მის წევრობისთვის მომზადებას უზრუნველყოფს“, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ალიანსის ამ გადაწყვეტილების განუყოფელი, პოლიტიკური კომპონენტი გახდა.
საქართველო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონკრეტულ შედეგებზე, რათა ალიანსს პარტნიორობის ხელშესახები სარგებელი აჩვენოს. ჩვენ სრულად ვიყენებთ NATO-ს მექანიზმებსა და პროგრამებს, რათა კიდევ მეტად გავზარდოთ საქართველოს თავსებადობა ალიანსთან.
უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას და უკუვაგდოთ მზარდი ჰიბრიდული საფრთხეები, თუმცა მხოლოდ ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. დასავლეთის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. რეგიონში NATO-ს აქტიურობასა და ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. -ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საფრთხეები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითა და ინკლუზიური მიდგომით დაიძლევა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომელიც ჩვენს თანამშრომლობას უდევს საფუძვლად -ჩვენ გვინდა „მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში“. – განაცხადა კვირიკაშვილმა.