ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიხსნა

სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვისმინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დეიმონ უილსონმა სიტყვით გამოსვლისას კონფერენციის დღის წესრიგზე და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოს მტკიცედ სჯერა, რომ დემოკრატიულ საქართველოს შეუძლია მიაღწიოს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის უცვლელი არჩევანი და მსოფლიოს აქტორების მხარდაჭერა საქართველოს ამ მისწრაფების მიმართ. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი და სანდო პარტნიორები არიან ამ გამოწვევებით აღსავსე რეგიონში.“

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთი ძალის გამოყენებით ცვლის საზღვრებს, რათა მიაღწიოს თავის პოლიტიკურ ამოცანებს. „ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ, მომავალი სტრატეგიის დასახვა ამ მიმართულებით,“ – განაცხადა დეიმონ ვილსონმა.

კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა – შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას მაღალი რანგის მონაწილეები ჩაერთვებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვაში, სადაც მთავარი აქცენტი 2016 წლის ვარშავის სამიტზე გაკეთდება.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.

იტვირთბა....