შსს-მ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. საქმე ეხება მეტროსადგურ „ავლაბართან“ მომხდარ ფაქტს. დაზარალებული ერთ-ერთი პირი მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ დანაშაულის მოტივი ჰომოფობია იყო.
შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს:
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული სერგო პ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგო პ.-მ მიმდინარე წლის 21 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ტ.-ს და 2000 წელს დაბადებულ ნუგზარ კ.-ს ხელისა და ფეხის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე – საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.