„მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა.
„ამ დილით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წვრთნებმა, რომელიც ჩატარდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად გაუმჯობესდა ამ ორი ქვეყნის მოსამსახურეთა თავსებადობა. ეს არის ნამდვილი მახასიათებელი იმისა, თუ რამდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა იან კელიმ.
„ღირსეული პარტნიორი 2016“ დღეს ტანკების სროლით, ჯარისკაცების მანევრირებითა და დაჭრილი ჯარისკაცების ბრძოლის ველიდან თვითმფრინავებით გაყვანის სიმულაციებით დასრულდა. დახურვის ცერემონიას ელჩი კელი, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერი ესწრებოდნენ.