სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა თელავის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად სროლები განახორციელა, რომლის შედეგად რამდენიმე სოფელი დასეტყვას გადაურჩა. ამის შესახებ „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ იტყობინება.
„თელავის მუნიციპალიტეტში დღეს 50-მდე სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს, კონკრეტული ზონები დამუშავდა და ახლა ნალექი სეტყვის ნაცვლად წვიმის სახით მოდის. სეტყვის საწინააღმდეგო ყველა დანადგარი სრულად არ არის აღჭურვილი, მაგრამ გარკვეული რაოდენობა უკვე ამუშავდა“, – განაცხადა სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ გვარიშვილმა.
იმის გამო, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა აქამდე არ ფუნქციონირებდა, მაისში, სხვადასხვა დროს, კახეთში ათზე მეტი სოფელი დაისეტყვა და მოსავალი თითქმის მთლიანად განადგურდა. გაირკვა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო მართვის ცენტრს სპეციალური რაკეტები არ ჰქონდა, რომელსაც ღრუბლების დასაშლელად იყენებენ. 2015 წელს „დელტა“ აღნიშნულ რაკეტებს ბულგარეთსა და მაკედონიაში ყოდულობდა, 2016 წლისთვის კი წარმოება თავად გადაწყვიტეს, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ „დელტას“ რაკეტების წარმოებისათვის საჭირო თანხა დროულად არ ჩაურიცხა. ათზე მეტ სოფელში სეტყვის გამო მოსავლის განადგურების და მოსახლეობის უკმაყოფილების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მინისტრ ხიდაშელის დავალებით ამ საკითხის შესწავლა დაიწყო. ვიდრე გენინსპექცია შესწავლას დაასრულებდა, თავდაცვის მინისტრმა „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე 2014–2015 წლებში ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სისტემის მართვის ცენტრი თბილისშია ბაზირებული, ხოლო კახეთში 86 საცეცხლე წერტილია განთავსებული.

