საკონცერტო დარბაზი Black sea arena, რომელიც შეკვეთილთან ახლოს აშენდა, ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. დარბაზი 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს.
ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზს მოძრავი სახურავი აქვს, რომელიც ამინდზეა მორგებული, დარბაზი კი ძვირადღირებული ტექნიკითაა აღჭურვილი.
საკონცერტო სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.
არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს.
სამშენებლო სამუშაოებს ასოციაცია „ატუ“ და კომპანია „ელიტა ბურჯი“ აწარმოებს. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში „ქართუ“-ს ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.