ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება, – ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
“მოგეხსენებათ, საქართველოში დღევანდელი მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ბოლო ეტაპზე დამოუკიდებლობის შემდგომ, იმ რთულ პირობებში, როგორც საქართველო ვითარდებოდა, მეცნიერებამ ყველაზე მეტი დარტყმა განიცადა და ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები, რომ მეცნიერება ავაღორძინოთ. ამ ცენტრს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ფიზიკოსებს, მათემათიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს ასევე სხვა სპეციალისტებსაც ექნებათ შესაძლებლობა უნიკალური საექსპერიმენტო ბაზაზე საფუძველი იმისა, რომ მეცნიერება კვლავ აღორძინდეს.”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელ ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს ასეთი მასშტაბური პროექტები და ამიტომ კერძო ბიზნესი ჩაერთვება ამ პროცესში.
“ჯობდა ნაციონალურ მოძრაობას არ გაენადგურებინა მეცნიერება და ყურადღება მიექციათ თავის დროზე. საუბედუროდ დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის შესაძლებლობა ამიტომ კერძო დაფინანსებით მოხდება ამის ჩამოყალიბება, ვინაიდან ძალიან მძიმე იქნება ეს დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას და დღეს მას მერე რაც ჩვენ მოვედით, ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას და ეს გაგრძელდება ახალი გუნდით და ახალი ძალებით. პოლიტიკოსები და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის რომ დავიბრუნოთ ის ღირსება რაც გვქონდა ამ სფეროში.”- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში – “დიღმის ჭალები” აშენდება.
ასევე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საგულისხმოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სასწავლო დაწესებულების მშენებლობა სწორად დაიგეგმოს.
„თქვენ ვერ შეძლებთ სრულფასოვანი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ამოქმედებას, თუკი არ იარსებებს კონკრეტული ინსტრუმენტები,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, „კოლაიდერად“ ცნობილი ნაწილაკთა ამაჩქარებლის კომპლექსი, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, იქნება ერთი კონკრეტული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც სამომავლოდ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შესაძლებლობას მისცემს, უმნიშვნელოვანესი კვლევები ჩაატარონ.
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ფონდს „ქართუ“, რომელიც აფინანსებს როგორც ნაწილაკთა ამაჩქარებლის, ისე მთლიანად ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
“ძალიან დიდი პროექტი იწყება, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელს რეგიონში. ასეთი დიდი პროექტი არ განხორციელებულა, უფტო მეტიც – არც არავის უფიქრია მსგავსი პროექტის გაკეთება. შესაბამისად, ჩვენი სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემისთვის ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ტექნოლოგიური ინსტიტური, რომელიც გააერთიანებს ფუნდამენტურ კვლევებს ნებისმიერი მიმართულებით, აქ ფიზიკასთან ერთად, იქნება ქიმია, ბიოლოგია და ნებისმიერი სხვა ფუნდამენტური მეცნიერება. ეს იქნება ერთგვარი ლოკომოტივი, რომ ეს მეცნიერებები ამოიქაჩოს”, – განაცხადა ფიზიკოსმა დავით ლომიძემ.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.