ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი”

საქართველოს წინაშე კვლავ დგას მცოცავი ოკუპაციის პრობლემა – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჰუმანიტარულ სამიტზე 70-მდე ქვეყნის მეთაურს ლიდერთა სეგმენტის დახურულ შეხვედრაზე.

პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი სტამბოლში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.

„საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან ნაცნობია საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩემმა ქვეყანამ კარგად იცის ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი.

ჩვენი მოსახლეობის ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია. ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.

რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, რათა მოახდინოს ხალხის იზოლირება და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება, მიუხედავად მათი სურვილისა.

სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან.

უნდა გავერთიანდეთ არა მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, არამედ მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით. უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, პირველ რიგში ტერორიზმის, აგრესიისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლებს.

მხოლოდ ჩვენი ერთობით და ქმედითი თანამშრომლობით, უზრუნველვყოფთ უკეთეს მომავალს მომავალი თაობებისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....