„მე მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა და სამეგრელოში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მე მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა, ვინც კუნთებით შეეცდება არჩევნებში გამარჯვებას წააგებს თავს და ვინც ძალადობის გზით შეეცდება პრობლემების მოგვარებას, ყველაზე მეტად და ყველაზე მწარედ დამარცხდება. ეს არ არის ჩემი ანალიზი, ეს არ არის რჩევა, ეს არ არის ჩემი გაფრთხილება, ეს არის ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაპირება, ვინაიდან, მე მჯერა, რომ დღეს აქ, ამ დარბაზშიც, პარლამენტშიც და მთლიანად საქართველოშიც გაცილებით მეტი ვართ „ანტიზონდერები“, ვიდრე „ზონდერები“ და „კონტრზონდერები“ – „ზონდერები“ და „კონტრზონდერები“ – განსხვავებას ვერ გავაკეთებ, არ გავაკეთებ.
ყველა ვინც ძალადობრივი გზით ცდილობს უპირატესობის მოპოვებას ემსახურაბა იმას, რომ დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ საჭიროა, აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ერთ მხარეს იყო ოთხი ჯოხი, მეორე მხარეს – ორი ქვა, აქედან იყო ოთხი მუშტი, იქედან იყო ერთი და ასე შემდეგ – ეს არის არასწორი საუბარი და არავითარ შემთხვევაში ჩვენ ამ საუბარში არ უნდა ჩავებათ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თუ ზოგადად მზად ვართ ვცემოთ პოლიტიკური ოპონენტი, მაშინ ამას ან საკუთარი ინიციატივით გავაკეთებთ, ან ვინმე თავს გვაცემინებს. ამიტომ, საჭიროა ის, რომ არ ვიყოთ მზად პოლიტიკური ოპონენტის საცემად და ძალადობრივი გზით გასასწორებლად. აი მაშინ იქნება თავიდან აცილებული როგორც ძალადობის ინიციატივა, ასევე ძალადობის პროვოცირება.
მე მინდა მივმართო ყველა პოლიტიკური ფრაქციის წარმომადგენელს, ვინც მზად არის ერთად და უკომპრომისოდ შევებრძოლოთ ზონდერობას და არა ამა თუ იმ ფერის და პარტიის ზონდერებს – ანუ, მოვლენასთან საბრძოლველად ვინც არის მზად – უახლოეს ხანებში ვიფიქროთ და შევქმნათ ქმედითი მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას ასეთ პროცესებში.
კიდევ ვიმეორებ, მე არ ვსაუბრობ მექანიზმზე, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს გაგრძელება ამა თუ იმ დებატებისა, ამა თუ იმ საჯარო დაპირისპირებისა. საამისოდ ბევრი ტრიბუნა არსებობს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესები დაიცვან, საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ. მე ვსაუბრობ ადამიანებზე, რომლებიც მზად იქნებიან, პირველ რიგში, საკუთარ პოლიტიკურ მხარდამჭერებს მიუთითონ თუკი მსგავსი პრობლემა იქნება გამოჩენილი და წარმოჩენილი. მე, ამ შემთხვევაში, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვამბობ – პირველ რიგში, რესპუბლიკელებს მივმართავ – რომ თუ რაიმე მსგავსი ან ინიციატივის სახით ან პასუხის სახით იქნება სადმე დანახული, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას დაგმობს და არ დაუშვებს.
მე მინდა მივმართო კოლეგებს, მათ ვინც მზად არიან ამისთვის, რომ პირველ რიგში, საკუთარ პოლიტიკურ გუნდებში გაატარონ ასეთი უკომპრომისო პოზიციები; და ვინ არის ამისთვის მზად, ვინ არ არის, ეს ძალიან მარტივად ვლინდება ხოლმე პირველივე საუბრისას.
მე უახლოეს დღეებში, კიდევ ვიმეორებ, ორ-სამ დღეში ვარ მზად ყველასთან კონსულტაციებისთვის. მე არ მინდა, რომ პარლამენტის საქმიანობა ამ საარჩევნო პერიოდში იყოს ზედმეტად გადატვირთული მსგავსი თემებით, ამიტომ, ამას ნუ გავაკეთებთ პარლამენტის ბიუროზე, ხანგრძლივი მსჯელობების ფონზე, ან იმ დროს, როდესაც ჩვენ გვჭირდება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო, ყველას, თქვენც, მეც, რომ გამოვნახოთ ეს დრო და მსგავს საკითხებს დავუთმოთ სათანადო ყურადღება და ადგილი.
მე გთავაზობთ ყველას, ყველა ფრაქციის წარმომადგენელს, დამიკავშირდით, ვინც იზიარებთ ამ სულისკვეთებას და მე მგონი ჩვენ ეს უნდა აღვკვეთოთ. უნდა აღვკვეთოთ, სხვანაირად, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეში ჩავაყენებთ; არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა პოლიტიკურ ძალას თუ ძალებს თავად რა ელით არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ძალიან კარგად ერკვევა ასეთ საკითხებში ხოლმე და სამწუხაროდ, ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და მტყუან-მართალის გარჩევა არ გაჭირდება. მე მინდა, რომ ამით გავჩერდეთ ამ თემაზე“- განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.