აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაზე იერიშის დროს რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთმა 24 ნოემბრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაბამისი ძალები და საშუალებები აამოქმედა.

ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზომები პრევენციული ხასიათის იყო და პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას, განსაკუთრებით კი საფრთხის ქვეშ მყოფი ზონების მოსაზღვრე ტერიტორიებზე, ისახავდა მიზნად.

სარდლობის განცხადებით, ვითარებას მუდმივად აკვირდებოდნენ, ხოლო დაქვემდებარებული ძალები დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით უწყებამ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსულმა დრონმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

პოლონელმა სამხედროებმა დრონის ჩამოგდების ნებართვა მიიღეს, თუმცა ცეცხლი არ გახსნეს. სარდლობის განმარტებით, დრონმა კურსი აღმოსავლეთის მიმართულებით შეიცვალა, ხოლო მისი ჩამოგდების შემთხვევაში არსებობდა მოქალაქეებისთვის საფრთხის შექმნისა და ზიანის მიყენების რისკი.

“ვითარებას მუდმივად აკვირდებოდნენ და ობიექტის განადგურების ნებართვა გაიცა. მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენმა აპარატმა კურსი აღმოსავლეთის მიმართულებით შეცვალა, მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხისა და ობიექტის ჩამოგდების პოტენციური შედეგების გათვალისწინებით, არსებული ზიანის მიყენების რისკის გამო, იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავების გადაწყვეტილება მიიღეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....