აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მზად არიან ირანთან ომის სრულმასშტაბიანი განახლებისთვის

ისრაელის თავდაცვის ძალების [IDF] განცხადებით, მზად არიან ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად სულ მცირე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში და შესაძლოა, ომის სრულმასშტაბიანი განახლებისთვისაც.

მათივე ცნობით, ღამიდან მოყოლებული, ირანმა ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხედროების განცხადებით, მათი ნაწილი ჰაერშივე გაანეიტრალეს, ნაწილი კი დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. გარდა ამისა, იემენელმა ჰუთებმა, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, დღეს დილით ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აქედან ერთ-ერთი რაკეტის გადაჭრა მოხერხდა, ხოლო მეორემ ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევა ვერ შეძლო.

ბალისტიკური რაკეტების საპასუხოდ, ისრაელმა ირანზე ამ დროისთვის უკვე ორტალღოვანი დარტყმა განახორციელა. ღამის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ათეულობით გამანადგურებელმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში საჰაერო თავდაცვის ცხრა სისტემაზე მიიტანა იერიში, ხოლო დღეს დილით, ავიაციამ ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნავთობქიმიურ კომპლექსში სამ ქარხანას დაარტყა.

სამხედრო უწყების განცხადებით, დარტყმებს მხოლოდ ისრაელი ახორციელებს, თუმცა არსებობს „სრული კოორდინაცია“ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობასთან.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობითვე, ამერიკელი სამხედროები ასევე მონაწილეობდნენ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ნასროლი რაკეტების ჩამოგდებაში. ამავდროულად, სამხედროების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი თავის ამერიკელ კოლეგას, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელს, ადმირალ ბრედ კუპერს უკვე სამჯერ ესაუბრა.

იტვირთბა....