ნონა გაფრინდაშვილი მუდამ და ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო: პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი…
მან ქალთა ჭადრაკი მანამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, აგრძნობინა და დაანახა ყველას, რომ ქალებსაც ძალუძთ უმაღლეს დონეზე თამაში.
მისი გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ მსოფლიოს ქალთა ჭადრაკს უნიჭიერესი მოთამაშე მოევლინა, რომლის დარიც მანამდე არავინ ყოფილა.
…იუგოსლავიის დაბა ვრნიაჩკა-ბანიაში, 1961 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, ნონა გაფრინდაშვილი იუგოსლავიელ მოჭადრაკეს მილუნკა ლაზარევიჩს ხვდებოდა. პარტიის მსვლელობისას, როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, დარბაზში მჯდომმა ცნობილმა საჭადრაკო თეორეტიკოსმა იგორ ბონდარევსკიმ თქვა, თუ ნონამ მეფით ითამაშა, კაცებში ოსტატობის კანდიდატობა ეკუთვნისო. ნონა სწორედ ასე მოიქცა. მალე ბონდარევსკიმ კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა – ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცებში ოსტატის დონეაო. ნონამ ზუსტად ასე ითამაშა. განცვიფრებულმა ბონდარევსკიმ – ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცთა შორისაც უმაღლესი დონეაო. გაფრინდაშვილმა სწორედ ის სვლა გააკეთა, პარტიაც და ტურნირიც ბრწყინვალედ მოიგო, მომდევნო წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ნონა გაფრინდაშვილი 16 წელი იყო ტახტზე და უკლებლივ ყველა საჭადრაკო ტიტული მოიპოვა. სწორედ მან გაუკვალა გზა ქართულ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, მან აქცია საქართველო პლანეტარული მასშტაბის საჭადრაკო ცენტრად.
მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
დღეს, 3 მაისს ნონა გაფრინდაშვილის იუბილეა – ის 75 წლის გახდა.
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის კარიერას ქართულ და საბჭოთა პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.
* * *
…ჭადრაკს რაც შეეხება, ძმებმა მასწავლეს – ისინი ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იმ დროს მსოფლიო ჩემპიონობაზე, ცხადია არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ბუნებით მოთამაშე ვარ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეჯიბრებოდი ძმებს. ჭადრაკის შესწავლა ერთი შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე: ერთ-ერთი ძმა ზუგდიდის ნაკრებში საქართველოს პირველობაზე უნდა გამოსულიყო. ერთი მოთამაშე გოგოც სჭირდებოდათ და რადგან მეტ-ნაკლებად კარგად ვთამაშობდი, გუნდში შემიყვანეს. ის ტურნირი ბათუმში გაიმართა. როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე, რადგან მწვრთნელებმა ყურადღება მომაქციეს და მალე თბილისში გადავედი.
…ზუგდიდიდან თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, სწორედ მას შემდეგ დავიწყე აქტიური საჭადრაკო ცხოვრება. ეს 1955 წელს მოხდა. ჩემი პირველი მწვრთნელი ვახტანგ ქარსელაძე გახლდათ, მასთან წელიწადნახევარი ვმეცადინეობდი, შემდეგ კი მიხეილ შიშოვი მავარჯიშებდა. მომდევნო წლებში ერთმანეთს ცვლიდნენ გურგენიძე, უბილავა, გიორგაძე, გიპსლისი და ბორისენკო.
…1956 წელს ზედიზედ მოვიგე რამდენიმე ტურნირი: თბილისის პირველობა, საქართველოს ჩემპიონატი, თბილისში გამართული საკავშირო პირველობის ნახევარფინალი… სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ძალიან რთული შეჯიბრება იყო, არაერთი უმაღლესი დონის კონკურენტი მყავდა. ამის დასტურად ერთ უნიკალურ ფაქტს მოვიყვან – მსოფლიოს ჩემპიონი უფრო ადრე გავხდი, ვიდრე საბჭოთა კავშირისა.
…საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ჩემივე უხეში შეცდომის გამო დავაგვიანე. ის ამბავი 1957 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს შემემთხვა. თავიდან კარგად დავიწყე – ლიდერთა შორის მოვხვდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. მეოთხე ტურში ლენინგრადელ ფლორა დმიტრიევას ვხვდებოდი. ერთ მომენტში მეტოქემ იჩქარა და ლაზიერების გაცვლა მოინდომა, ფიგურას ხელი წაავლო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ წამგებიან პოზიციაში ხვდებოდა. იმდენად მჯეროდა გამარჯვებისა, ვუთხარი, უფლებას გაძლევ სვლა დააბრუნო-მეთქი. როგორც წესი, ჭადრაკში ასეთი რამ არ ხდება. დმიტრიევას გაუხარდა და სხვა სვლა გააკეთა, მალე კი ცუდი სიტუაცია შემექმნა და პარტია გადავდეთ. მომხდარი არაერთმა შეიტყო, მათ შორის მთავარმა მსაჯმა და ყველამ ურჩია დმიტრიევას, ნონას ყაიმი შესთავაზეო. მან იუარა. მომხდარი ძალიან განვიცადე და მომდევნო სამი პარტია წავაგე. საბოლოოდ მე-11-13 ადგილები დავიკავე.
…1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერევანში გაიმართა. იქ უკეთ ვითამაშე და მეოთხე ადგილი დავიკავე, ამით კი პრეტენდენტთა ტურნირში თამაშის უფლებაც მოვიპოვე. შეჯიბრება იუგოსლავიის ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ორი ტურით ადრე პირველობა გავინაღდე! ორი წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, იუგოსლავიელებმა დეპეშით მომილოცეს გამარჯვება.
…მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იოლად მოვიგე – ელიზავეტა ბიკოვას 9:2 ვძლიე. ბიკოვა ლამის დედად მეკუთვნოდა – 21 წლის ვიყავი, ის კი 49 წლის გახლდათ. ჩემი გამარჯვება ყველასთვის სიურპრიზი იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე პატარა გავხდებოდი ჩემპიონი. მოგვიანებით, ფინალის შემდეგ თენგიზ გიორგაძემ მიამბო – ბიკოვას მასთან ინტერვიუში უთქვამს, ნონა იმედისმომცემი მოჭადრაკეა, ბევრს მიაღწევს, მაგრამ მას არ უნდა მოეგო, რადგან რიგში სხვები იდგნენო. ბატონ თენგიზს ბიკოვასთვის ხუმრობით ბოდიში მოუხდია: „ქალბატონო ლიზა, გვაპატიეთ რომ ასე მოხდა, რას იზამთ, ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარსო”.
…მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში მატარებლით წამოვედით. ლესელიძეში შემოსვლის შემდეგ მატარებელი ლამის ყველა სადგურზე ჩერდებოდა – აუარებელი ხალხი გვხვდებოდა, მილოცავდნენ, საჩუქრებს მიძღვნიდნენ… ჩემს კუპეში სუფრა არ აშლილა! თბილისში ხომ საერთოდ ზღაპარი მოხდა: ბაქანზე ტევა არ იყო! მახსოვს, მამამ ფეხსაცმელი დაკარგა. შინაც სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ არაფრის თავი აღარ მქონდა. პირველ სადღეგრძელომდე მაინც გავჩერდი – მამამ მითხრა, ჩემპიონობა კი ძალიან კარგია, მაგრამ თავში არ აგივარდესო. ყველაფერი ოპერაში გამართული ფანტასტიკური მიღებით დაგვირგვინდა.
…საჭადრაკო ოლიმპიადის მოგებისთვის ჩვენ არაფერს ვიღებდით, მსოფლიო ჩემპიონობისთვის კი 900-მანეთიან პრემიას გვიწერდნენ. როცა ამ თანხას ვიღებდი, ნახევარი წინასწარ მქონდა დახარჯული.
…ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, გულშემატკივრებთან არასდროს ვყოფილვარ დისტანციაზე. ბიკოვასთან დაპირისპირების პერიოდში სულ ხალხში ვტრიალებდი – ბილიარდს და მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდი, ქომაგებს ვესაუბრებოდი… ასე უკეთ ვისვენებდი. მახსოვს, ფინალის შემდეგ, როცა მოჟევადან მოვდიოდით, დარაჯმა უშველებელი თაიგული მომართვა!
…მიმაჩნია, რომ მამაკაცთა ტურნირებში ქალები უფრო თავისუფლად თამაშობენ. მოიგებ? ხომ კარგი, თუ არადა, ამითაც არ იქცევა ქვეყანა. ერთხელ ქეთევან არახამიასთან ერთად ვიასპარეზე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე. ქეთევანი სულ ლიდერებში იყო და ბოლო პარტია რომ არ წაეგო, ვაჟთა შორის დიდოსტატი გახდებოდა. ვკითხე, სად უფრო გაგიადვილდა თამაში-მეთქი?! ცხადია აქო, მიპასუხა.
…მამაკაცებთან თამაში ყოველთვის რთული იყო. სხვა თუ არაფერი, რეგლამენტი იყო უმძიმესი – ხუთსაათიანი პარტია. თუ გადაიდებოდა, იმავე ღამეს ორი საათი უნდა გეთამაშა, მერე, საჭიროებისამებრ, დილითაც ორი საათი და ახალი პარტიაც უნდა მოგესწრო. კაცები ერთმანეთში ხშირად აკეთებდნენ ორ-სამ იოლ ყაიმს, ჩემთან კი პრესტიჟის გულისთვის თავს თვით აუტსაიდერებიც არ ზოგავდნენ. ამის გამო ხშირად მოგებული პარტიებიც გამიფუჭებია 38-ე, 39-ე სვლებზე… დღეს სიტუაცია შეიცვალა, მამაკაცისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა მეტოქედ ვინ ჰყავს: თუ საყაიმო პოზიციაა, უყოყმანოდ შემოგთავაზებს. ადრე ამ მხრივ ქალები ბევრად რთულ დღეში ვიყავით.
…ძნელია იმის თქმა რომ ქალთა და მამაკაცთა ჭადრაკი კლასით დაახლოვდა. ჭადრაკში უდიდესი ენერგია იხარჯება და ამ მხრივ მამაკაცებს დიდი უპირატესობა აქვთ. სხვათა შორის, მეცნიერთა გამოკვლევების მიხედვით, სპორტის სახეობებიდან ჭადრაკი ცურვისა და თხილამურობის შემდეგ ყველაზე მეტ ენერგიას ითხოვს. მოჭადრაკე პარტიაში ისევე იხარჯება, როგორც მჭედელი მთელი სამუშაო დღის მანძილზე.
…1999 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დამასახელა. მეორე დღეს, ბანკეტზე, სააქციო საზოგადოებამ „ენისელი-დავით სარაჯიშვილი” უდიდესი სიურპრიზი მომიმზადა – 100 წლის დაძველების სახელობითი კონიაკი მაჩუქა. მკითხეს, ვისთან ერთად აპირებთ ამ კონიაკის დალევასო. იმ ბოთლს არ გავხსნი – მას სასმელების კოლექციაში მივუჩინე ადგილი, დასალევი კი ოჯახში ყოველთვის მოინახება… ისე, კოლექცია დიდხანს არ მიჩერდება, ადრე თუ გვიან ყველა ისმევა. ჩემი საყვარელი სასმელი წითელი, მოტკბო ქართული ღვინოებია, „ახაშენის” ტიპისა. სხვათა შორის, ბავშვობაში დაბალი წნევა მქონდა და მას სწორედ ასეთი ღვინით მირეგულირებდნენ. ასევე ძალიან მიყვარს „მარტინი”, „ვერმუტი”.
…ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შემთხვევით გავხდი, უფრო სწორად, სულ ბოლოს გავიგე ყველაფერი. როცა სეოკ-ის დამფუძნებელი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა და პრეზიდენტის კანდიდატის ძიება დაიწყეს, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს, მე კი არაფერი ვიცოდი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კომიტეტის მომავალი გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი მესტუმრა და იმდენი მიჩიჩინა, სანამ არ დამიყოლია. ემზარმა მითხრა, თქვენი ავტორიტეტი საერთო საქმეს ძალზე წაადგებაო. უშუალოდ არჩევნებზე ყველამ ერთხმად დამიჭირა მხარი.
…ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობიდან საკუთარი სურვილით წავედი. მიზეზი? გარდა იმისა, რომ ატლანტაში ჩვენმა გუნდმა ცუდად იასპარეზა, ძალიან გადაღლილი ვიყავი, ყოველდღიურად ნერვიულობა მიწევდა, ბევრი უაზრო პრობლემაც ვერ ავიცილე თავიდან და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ სპორტში ფული არ იყო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იცით რამდენს ვიღებდი სეოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე? 22 ლარს.
…არ დავმალავ: ოლიმპიური კომიტეტიდან კიდევ იმიტომ წავედი, რომ დიდ სპორტში ძალიან დიდი სიბინძურე დავინახე, ეს კი ჩემთვის, მართლა სუფთა სპორტული გზის გამვლელი ადამიანისთვის, მიუღებელი იყო.
…1961 წლის პრეტენდენტთა ტურნირში მილუნკა ლაზარევიჩთან მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტიაა. ერთ მომენტში შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მან პაიკი მომიგო და მიტევს. იმ მომენტში მეფით სამი სვლა გავაკეთე, რომლის დროსაც პრესცენტრში მყოფი დიდოსტატი ბონდარევსკი სვლიდან სვლამდე მიმატებდა ხარისხს: ჯერ ოსტატობის კანდიდატად ჩამთვალეს, მერე ოსტატად, ბოლოს კი დიდოსტატად! ძალიან პრიცნიპული პარტია იყო, რომელმაც, ფაქტიურად, პრეტენდენტად მაქცია. ეს პარტია კარგა ხანს ისე პოპულარული იყო, რომ „ცოცხალ” ჭადრაკში ხშირად ათამაშებდნენ.
…ბობი ფიშერი, გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი, მიხეილ ბოტვინიკი… ისინი იმდენად ბუმბერაზები არიან, რომ წარმოიდგინეთ, საუკეთესო ხუთეულის დასახელება კი არა, ათეულის თანმიმდევრობით შედგენაც გამიჭირდება… ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიოს ყველა ჩემპიონს გამორჩეული ადგილი უპყრია, თუმცა ორ მათგანს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ტალმა ჭადრაკი უფრო სპორტული გახადა, ფიშერის წყალობით კი მოჭადრაკეთა კეთილდღეობა გაუმჯობესდა.
…რა მომცა ჭადრაკმა? ყველაფერი, ფულის გარდა! ერთხელ იუგოსლავიაში მკითხეს და ზუსტად ასე ვუპასუხე. ჩვენ თაობას ფული არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ფულით ხომ არ იზომება? ის, რაც ჭადრაკმა მომცა, ხალხის სიყვარულია, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
…ასაკის მიუხედავად, თავს მოხუცად არ ვთვლი. ჭადრაკის თამაში კვლავ დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სანამ ასე იქნება, მანამდე ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ, ხელები თუ ჩამოვუშვი და შინ დავჯექი, დავბერდები.
msy.gov.ge