ახალი ამბები მთავარი სამართალი

„არასრულწლოვანი პატიმრები მე-11 დაწესებულებიდან განმარტების გარეშე გადაჰყავდათ“

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მსჯავრდებული არასრულწლოვნების არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N8 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დროებით გადაყვანის მართლზომიერების შესახებ.

არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების მიზნით, არასრულწლოვანი პატიმრები სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან არაერთხელ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ამასთან, არცერთი მათგანის მიმართ რაიმე ტიპის დისციპლინური სახდელი არ გამოყენებულა. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ გადაყვანის მიზეზი მათთვის უცნობი იყო.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების N2 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირია კონფლიქტები არასრულწლოვან პატიმართა შორის. დაფიქსირდა ჯგუფური დაპირისპირებები, მათ შორის ბრალდებულსა და მსჯავრდებულს შორის, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან კანონის შესაბამისად ბრალდებულები და მსჯავრდებულები უნდა განთავსდნენ განცალკევებით და არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ერთმანეთთან.

არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობა, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა კანონმდებლობის მიხედვით უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. სასჯელის მიზანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს არასრულწლოვნის რესოციალიზაციის უზრუნველყოფა და არა მისი დასჯა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვნებმა სასჯელი უნდა მოიხადონ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში; არ უნდა ხორციელდებოდეს მათი გადაყვანა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განუსაზღვრელი ვადითა და დასაბუთების გარეშე, რადგან აღნიშნული მნიშვნელოვნად აფერხებს რეაბილიტაციის პროცესს და ეწინააღმდეგება არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საუკეთესო ინტერესებს.

იტვირთბა....