როდესაც ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად – სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილი, რომელიც არარჩეულია, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის არარჩეული ბიუროკრატია“ განსაკუთრებით ესხმის თავს ქართულ საზოგადოებას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაც „სწორედ ამ ბრალდებების, შანტაჟების და თავდასხმების გაგრძელებაა“.
„როდესაც ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილი, რომელიც ახლა არარჩეულია და იკავებს იმ პოზიციებს, რომლებსაც იკავებენ. ისინი განსაკუთრებით თავს ესხმიან ქართულ საზოგადოებას. იმ საზოგადოებას, რომელიც არ ექვემდებარება გარედან მითითებებს, შანტაჟს, სხვადასხვა მავნებლობის დაბრალებას და იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს. სწორედ ამ ბრალდებების, შანტაჟების და თავდასხმების გაგრძელებაა ბატონო ჰერჩინსკის განცხადება, რომელთა დაკავშირებითაც, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებიც, ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, თუ რატომ არ ვიყენებთ მაგალითად, ვენის კონვენციით გათვალისწინებულ სხვადასხვა უფლებამოსილებას. აქ პასუხი ძალიან მარტივია, რომ ჰერჩინსკისნაირი პირები შეიძლება წავიდნენ, შეიძლება მოვიდნენ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ, მთლიანად დემოკრატიის საფუძვლებს გადახაზავს და გადახაზული არის ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, არ შეიცვლება. მთავარია, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით იმ ეროვნული ძალების გამოღვიძებას მთელი ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება,“ – განაცხადა გორდულაძემ.

