პორტუგალია საერთო ევროპული არმიის შექმნის წინააღმდეგია, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ნუნო მელომ განაცხადა.
მელოს თქმით, პორტუგალია აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვაშინგტონს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარ პარტნიორად მოიხსენიებს.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ერთიანი ევროპული არმიის იდეას“, – ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ნუნო მელომ აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ უნდა ჩადოს ინვესტიცია საკუთარ შეიარაღებულ ძალებში, რათა უზრუნველყოს ნატო-ს ფარგლებში დაკისრებული ამოცანების შესრულება.
მელოს თქმით, 2025 წელს პორტუგალიამ გაზარდა თავდაცვაზე ხარჯები ნატო-ს კრიტერიუმის თანახმად და ეს ამ ეტაპზე მშპ-ის ორ პროცენტს შეადგენს.
ცნობისთვის, „უოლ სთრით ჯორნალი“ ინფორმაციით, ევროპა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ნატო-დან აშშ-ის შესაძლო გასვლას უკავშირდება. დონალდ ტრამპის ალიანსიდან გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად განიხილავენ „ევროპული ნატო-ს“ გეგმას.
საუბარია სარეზერვო გეგმაზე, რომელიც ევროპას მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს, ამავე დროს გამოიყენოს ნატო-ს არსებული სამხედრო სტრუქტურები იმ შემთხვევაში, თუ აშშ ბლოკს დატოვებს.

