აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ სამი ათასი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით და მომავალშიც ერთად ვიქნებით. გეოგრაფიამ და ისტორიამ ჩვენი ბედი ერთმანეთთან დააკავშირა” – ირანის ელჩი საქართველოში

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დიპლომატები, როგორც წესი, სტუმრობენ სამინისტროებს — განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროს — ასევე სახელმწიფო უწყებებსა და სამთავრობო ოფისებს, ეკლესიებს, მეჩეთებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებს, სამედიცინო დაწესებულებებს, კვლევით და კულტურულ ორგანიზაციებს, უცხოურ საელჩოებს, მუნიციპალიტეტებს, პარტიათა ოფისებს, ოპერებს, თეატრებს, სასაფლაოებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, სტადიონებს, ტურისტულ ცენტრებს, ბაზრებსა და სავაჭრო ზონებს, ქარხნებსა და სამრეწველო-სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს და ბევრ სხვა ადგილსა და რეგიონს.

მათი მიზანი დროის გატარება არ არის;

იქ იმისთვის მიდიან, რომ გაიცნონ და ესაუბრონ სახელმწიფო მოხელეებს, სასულიერო პირებს, პარტიათა წარმომადგენლებს, მერებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ინვესტორებს, სამხედროებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მუსიკოსებს, არქიტექტორებს, ფერმერებს, რეჟისორებს, მკვლევრებს, მეცნიერებს, ბანკირებს, სპორტსმენებს, მებაღეებს, გრაფიკოსებს, მოქანდაკეებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, სასტუმროების მფლობელებს და საბოლოოდ იმ ქვეყნის ფართო საზოგადოებას, სადაც ისინი მსახურობენ.

დიპლომატებს ევალებათ, ღრმად შეიცნონ ის ქვეყანა, სადაც არიან მივლინებულნი;

და ამავე დროს, წარმოაჩინონ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკა, კულტურა, ისტორია, საზოგადოება, ხელოვნება, ეკონომიკა, რელიგია, სპორტი, მრეწველობა და სოციალური ცხოვრება.

მათ უნდა დაამყარონ სამეცნიერო და საგანმანათლებლო, რელიგიური და სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური, კულტურული და ხელოვნების, სპორტული, სამრეწველო, სავაჭრო და ლიტერატურული ურთიერთობები ორ ერს შორის.

დიპლომატები საელჩოში არ სხედან მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაი ან ყავა მიირთვან და ფანჯრიდან ქუჩას უყურონ.ასევე ისინი არ არიან მივლინებულნი მხოლოდ იმისთვის, რომ ისარგებლონ დიპლომატიური პრივილეგიებით.

მათ არ უნდა მოახდინონ საზოგადოების დაყოფა, არ უნდა ჩაერთონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში.დიპლომატებმა უნდა ისაუბრონ გამჭვირვალედ საკუთარი ქვეყნის მდგომარეობაზე, მის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე.

საელჩო უნდა იყოს დიალოგისა და ურთიერთობების განვითარების გზების ძიების ადგილი.

დიპლომატი ვალდებულია, მუდმივად იყოს კავშირში იმ ქვეყნის საზოგადოებასთან, სადაც ის იმყოფება, და იყოს მათთვის ინფორმაციის გამზიარებელი.

ის უნდა იყოს ხალხისა და ხელისუფლების გვერდით როგორც სიხარულში, ისე მწუხარებისას.

სწორედ ამ საფუძველზე მსურს აღვნიშნო, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, რაც მაქვს პატივი ვიმყოფებოდე საქართველოში, ვეცადე მრავალი ასეთი ადგილი მომენახულებინა და ეს პასუხისმგებლობა პრაქტიკაში განმეხორციელებინა.

ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღეს, კოლეგებთან ერთად მივედი პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის საფლავზე, რომელიც იყო საქართველოს პირველი ელჩი ირანში.

ცნობილი ქართველი ირანისტის — პროფესორ ნომადი ბართაიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მის სახლში მივედი და ოჯახს გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე.

მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, ზღვა ხალხთან ერთად ავედი სამების საკათედრო ტაძრის კიბეებზე. მისი გარდაცვალების პირველივე საათებში, ამ დიდი სულიერი ლიდერის ნეშტთან, სამძიმარი გამოვუცხადე როგორც ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლებს — მათ შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ შიო მუჯირს — ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

ამ სამი თვის განმავლობაში ვესტუმრე ეკლესიებსა და მეჩეთებს, ვესაუბრე მედიას ჩემი კომპეტენციისა და ინფორმაციის ფარგლებში. იმ საკითხებზე, რომლებიც არ ვიცოდი ან რომლებიც ირანის სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა, დუმილი ვარჩიე.

არაერთხელ ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა უწყებებში, ასევე ბაზრებსა და მუზეუმებში, შევხვდი ბიზნესმენებსა და ხელოვანებს, ვეწვიე უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებს, ასევე მეურნეობებსა და სამრეწველო ზონებს და მქონდა დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან.

რატომ?

იმიტომ, რომ მჯერა — დიპლომატმა ხალხთან ერთად უნდა იცხოვროს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ.

ეს არ ყოფილა ოფიციალური მოწვევა — ეს გახლდათ საერთო ადამიანური მომენტი.

ისევე როგორც ირანელი ხალხი და სახელმწიფო იდგნენ საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის შემდეგ მძიმე წლებში, ან როდესაც 2006 წლის მძიმე ზამთარში საქართველოს გაზის მიწოდებით დაეხმარნენ.

ჩვენ სამი ათასი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით და მომავალშიც ერთად ვიქნებით. გეოგრაფიამ და ისტორიამ ჩვენი ბედი ერთმანეთთან დააკავშირა” – დაწერა ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....