159 ათასმა ამომრჩეველმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს
ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღეს იურიდიულ მისამართზე მისვლას ვერ ახერხებენ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფაქტობრივ მისამართზე და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამის გარდა, როგორც ირკვევა, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საარჩევნო სიაში 3 543 732 ამომრჩეველია. თუმცა, ამ სიის გარეთ ჯერჯერობით ისევ რჩება პრობლემური 159 ათასი ამომრჩეველი, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.
„თუ პირი მოგვმართავს რეგისტრაციაზე, მისი დარეგისტრირება ორ სამუშაო დღეში მოხდება. მნიშვნელოვანია, პირს გააჩნდეს საფუძველი, დარეგისტრირდეს ამ კონკრეტულ მისამართზე. რაც შეეხება საარჩევნო სიებს, თუ მაგალითად ცესკომ გამოაცხადა, რომ რეგისტრაციის ბოლო თარიღი არის 30 მაისი და ეს პიროვნება 30 მაისის მდგომარეობით მონაცემთა ბაზაში უკვე ახალ მისამართზე იქნება რეგისტრირებული და ეს იქნება მისი იურიდიული მისამართი, ბუნებრივია ის შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას“. – აცხადებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა ნოზაძე „მეტრონომთან“ საუბარში.
რაც შეეხება პრობლემური 159 ათასი ამომრჩევლის თემას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძე განმარტებას “გურიანიუსთან” აკეთებს.
“ყველაზე დიდი მაჩვენებელი კი, ზემოთ აღნიშნული 159 ათასი ადამიანიდან, რეგისტრაციიდან მოხსნილი არის – 98 ათასი ადამიანი, ამდენივე იყო 2014 წელსაც. ამ ადამიანებიდან გარკვეული ნაწილი მესაკუთრის მიერ არის რეგისტრაციიდან მოხსნილი, გარკვეული ნაწილი რეგისტრაციიდან საცხოვრებელი სახლის ლიკვიდაციის გამო, საკმაოდ დიდი ნაწილი კი, ემიგრაციაში წასვლის გამო (12 ათასი ადამიანი) მოიხსნა. ემიგრაციაში მუდმივად წასვლა კანონმდებლობით არის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ ეს ადამიანები არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ციფრი არ არის ძალიან მზარდი ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული მონაცემი. ემიგრაციაში წასვლის ასეთი ნებართვები 1990-იან წლებშიც გაიცემოდა.
2012 წელს, დაუშვეს გამონაკლისი, როდესაც რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ძველი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით შევიდნენ საარჩევნო სიაში, მაგრამ დააფიქსირეს თუ არა მათ არჩევანი, არ არის ცნობილი. რაც შეეხება ამ გამონაკლისის დაშვებას, ეს არ არის საკითხი რომელიც სააგენტომ უნდა განმარტოს, ეს ისევ საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს”.
სამხარაძის თქმით, ამ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ თუ ისინი ხელახალ რეგისტრაციას გაივლიან.
“დარჩენილი 159 ათასი ადამიანიდან, ყველას შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუ ისინი მივლენ და გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, ან აიღებენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ამ ეტაპზე უფასოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი დინამიურია და რამდენიც ახალ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს აიღებს, იმდენი არ აკლდება სიას, რადგან სხვას შეიძლება ეს დოკუმენტი გაუუქმდეს, ან მოიხსნას რეგისტრაციიდან. თუმცა, მათაც საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ ახალი დოკუმენტის აღება”.