”დღეს დილით წელიწადნახევრიანი სასამართლო პროცესი დასრულდა! საქალაქო სასამართლომ ჩემი სარჩელი თუმანიშვილის თეატრის სამხ. ხელმძღვანელის(ქეთი დოლიძე) წინააღმდეგ სრულად დააკმაყოფილა!… არანაირი შურისძიება!… სიყვარულის დღეს გილოცავთ ყველას”! წერს ფეისბუქზე მსახიობი გია როინიშვილი.
როგორც „მეტრონომს“ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ განუცხადა, ამის შესახებ პირველად ესმის:
„გავარკვევ ახლა ამას და ადვოკატს დავურეკავ. მაშინ მე შევიტან სარჩელს“-გვიპასუხა ქეთი დოლიძემ.
„ადვოკატის გარეშე მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, ამიტომ ადვოკატთან ერთად ამ შედეგს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებ. „-განგვიცხადა რეჟისრომა. მისი თქმით, მსახიობს თეატრში არ შეუშვებს.
გია როინიშვილმა კი ჩვენთან კომენტირებისას განაცხადა, რომ მან რეჟისორის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, სადაც თუმანიშვილის თეატრში აღდგენას და მორალური ზიანის კომპენსაციას მოითხოვდა. ეს სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა.
ქეთი დოლიძის გეგმაზე, გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, როინიშვილმა „მეტრონომს“ უპასუხა, რომ ეს მისი ნებაა.
შეგახსენებთ, დაახლოებით წელიწადნახვრის წინ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გააათავისუფლა. ამით გია როინიშვილის თეატრში 30 წლიანი მოღვაწეობა დასრულდა.
მაშინ ქეთი დოლიძე ამბობდა, რომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გია როინიშვილის თეატრში არგამოცხადება იყო. ბოლო ხუთი წელი თეატრში არ დადიოდა, ამბობდა ქეთი დოლიძე ინტერვიუებში.