აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – ევროპა უნდა დაუპირისპირდეს სისასტიკის ახალ სულისკვეთებას, რომელსაც ამჟამად რუსეთი და შეერთებული შტატები ავრცელებენ

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა დაუპირისპიროს „ევროპული მოდელი“ იმ „სისასტიკის ახალ სულისკვეთებას“, რომელსაც, მისივე თქმით, ამჟამად რუსეთი და შეერთებული შტატები ავრცელებენ.

შტაინმაიერის განმარტებით, ჯერ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, შემდეგ კი აშშ-ში „ღირებულებების ცვლილებამ“ გამოიწვია „ეპოქის ორმაგი გარდატეხა“, რაზეც ევროპას საკუთარი პასუხი უნდა ჰქონდეს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა არ უნდა გადაიღონ დიდი სახელმწიფოების ქცევის მანერა. მისი განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ, იცხოვრონ სამყაროში, სადაც სამართალი და წესები არ მოქმედებს და გარკვეული დროის განმავლობაში ამით სარგებელიც მიიღონ.

„ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, სამართალი და წესები“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასევე მხარი დაუჭირა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში „პრაგმატულ მიდგომას“, თუმცა პირდაპირ არ უხსენებია აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ამავე ინტერვიუში შტაინმაიერმა დადებითად შეაფასა 2 ივლისს კანცლერ ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კოალიციის მიერ წარმოდგენილი სოციალური რეფორმების ფართომასშტაბიანი პაკეტი. თუმცა, მისივე თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ რეფორმებით ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

შტაინმაიერის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის გარეშე მოქმედი მთავრობა მოსახლეობის პატივისცემისა და ნდობის აღდგენას ვერ შეძლებს. შტაინმაიერმა ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში „მოთმინებისა და თანმიმდევრულობისკენ“ მოუწოდა.

გერმანიის პრეზიდენტმა, ასევე, კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის სექტემბრის არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვებში დამაჯერებლად ლიდერობს.

„გამოკითხვები ჯერ კიდევ არ ნიშნავს არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ცენტრისტული პარტიები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ექსტრემისტებმა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვონ.

იტვირთბა....