სამხრეთ კავკასიამ ბოლო წლებში რადიკალური ცვლილებები განიცადა და რეგიონში ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშის IV გლობალურ მედიაფორუმზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლს ეხებოდა.
ალიევის აზრით, ამ ცვლილებების მთავარი გარდამტეხი მომენტი იყო ყარაბაღის მეორე ომი.
„სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლს რაც შეეხება, ამაზე საუბარი ჩემთვის გარკვეულწილად, რთულია. მიმაჩნია, რომ ეს კონცეფცია, პირველ რიგში, თავად რუსეთში უნდა ჩამოყალიბდეს. თუ ის ჯერ კიდევ სრულად არ არის ჩამოყალიბებული, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია. სამხრეთ კავკასია ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. ჩემი აზრით, ამ ცვლილებების მთავარი გარდამტეხი მომენტი იყო ყარაბაღის მეორე ომი. ამ ომმა სრულად შეცვალა მრავალი გეოპოლიტიკური მიდგომა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უცვლელად მიიჩნეოდა. შემდგომში აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა, სომხეთის ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ და ამასთან დაკავშირებული სხვა პროცესები ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ვფიქრობ, ეს ვითარება მოითხოვს სამხრეთ კავკასიის მიმართ მიდგომების ხელახლა გააზრებას როგორც ანალიტიკოსების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ამის გაკეთება შეუძლებელია რეგიონთან მუდმივი კონტაქტისა და აქ მიმდინარე პროცესების საფუძვლიანი მონიტორინგის გარეშე, რადგან სამხრეთ კავკასიის მიმართ ძველი მეთოდოლოგიები მთლიანად მოძველებულია.
დღეს რეგიონი სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც ხუთი წლის წინ იყო. ჩამოყალიბდა ძალაუფლების ახალი ცენტრები. გაჩნდა პოლიტიკური კურსები, რომლებიც ახალი და განსხვავებული მიმართულებებით ვითარდება. შესაძლოა, დღეს ეს ტენდენციები უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე ადრე, თუმცა ისინი, ვინც რეგიონთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი, ამ პროცესებს თავიდანვე აკვირდებოდნენ. ამიტომ, ნებისმიერი გარემოთამაშისთვის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის ჩამოყალიბება საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან რეგიონი არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთიანი სივრცე არ არის. ჩვენ კვლავ ამ პროცესის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ეს მოსაზრებები ჩემს ევროპელ პარტნიორებსაც გავუზიარე. სომხეთის მიმართ დასავლეთის აშკარად ცალმხრივი დამოკიდებულება როდესაც ვიხილეთ, ამან ჩვენში სერიოზული კითხვები გააჩინა. ჩვენ კარგად ვიცნობთ რეგიონის გეოგრაფიას, ეკონომიკურ პოტენციალსა და სხვა რეალობებს. ასევე რეალისტურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს.სომხეთის წარმოდგენამ, როგორც რეგიონის მთავარი სატრანსპორტო კვანძისა, სერიოზული კითხვები გამოიწვია. სახელმწიფოს, რომელსაც სატრანზიტო გამოცდილება არ აქვს, მოულოდნელად რეგიონის მთავარ სატრანსპორტო ჰაბად აცხადებდნენ, მაშინ როდესაც გაურკვეველი იყო, საერთოდ რომელ ტრანზიტზე იყო საუბარი. ეს აშკარა დისბალანსი იყო, რომელიც პოლიტიკური მიზნებით შეიქმნა. ყველამ უნდა თქვას უარი ასეთ მიდგომებზე. არასწორია სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად განხილვა. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანმა ამის შესაძლებლობა არ დაუშვა. ჩვენ არ მივეცით უცხო ძალებს საშუალება, აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაერთოთ. ვერც ადრე შეძლეს აზერბაიჯანის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ ინსტრუმენტად გამოყენება. ვფიქრობ, იგივე მიდგომა ჩვენმა მეზობლებმაც უნდა გამოიყენონ და ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ პრაქტიკულადაც უნდა დაამტკიცონ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, „ყველა მხარემ, რომელსაც რეგიონში მშვიდობა, თანამშრომლობა სურს, სამხრეთ კავკასიის თითოეულ სახელმწიფოსთან ცალკეული და დაბალანსებული თანამშრომლობის ფორმატი უნდა ჩამოაყალიბოს“.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის დასრულებისა და პირდაპირი სატრანსპორტო კავშირების გახსნის შემდეგ, ზანგეზურის დერეფნის ან სხვა მარშრუტების მეშვეობით, და როდესაც რეგიონი პოლიტიკურად მზად იქნება სამმხრივი თანამშრომლობისთვის, ვითარება სრულიად განსხვავებული იქნება. დღეს ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, დემოგრაფიული და სხვა პოტენციალის ობიექტური შეფასება. ეს დაგვეხმარება, სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მომავალში თავიდან ავიცილოთ მცდარი გადაწყვეტილებების გამო სინანული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველამ, ვისაც რეგიონთან თანამშრომლობა სურს, სამხრეთ კავკასია, პირველ რიგში, მშვიდობისა და თანამშრომლობის სივრცედ უნდა აღიქვას და არა გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის ფორმატზე, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი.
„თანამშრომლობის ამ ფორმატს რაც შეეხება, სწორედ ჩვენ ვიყავით მისი ინიციატორები. მიგვაჩნდა, რომ რეგიონის ბედთან დაკავშირებული საკითხები, პირველ რიგში, თავად რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ საკითხს დიდი ხანია, აღარავინ დაბრუნებია. ეს ინიციატივა ჩვენ პოსტკონფლიქტურ პერიოდში წამოვაყენეთ. მაშინ მიზანი იყო საბოლოო დარეგულირება და აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა. იმ დროს ყარაბაღის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული იყო. შემდგომში, მოვლენებისა და რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფოებთან ურთიერთობების ცვლილების პარალელურად, შეიცვალა ჩვენი ხედვაც ამ თანამშრომლობის ფორმატის მიმართ. დღეს მიგვაჩნია, რომ საუბარი უნდა იყოს სრულფასოვან ექვსმხრივ, ან სულ მცირე, ხუთმხრივ თანამშრომლობაზე. ამ თანამშრომლობას მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს. ეს ფორმატი არ უნდა გადაიქცეს ახალი მინსკის ჯგუფის მსგავს მექანიზმად და არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული საკითხებით. აქ უნდა განიხილებოდეს მთელი რეგიონის პრობლემები. რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ პროცესში თანასწორუფლებიან მონაწილეებად უნდა გამოდიოდნენ. ამჟამად, სწორედ ეს კონცეფცია წარმოადგენს ჩვენი მიდგომის საფუძველს. მას სხვა დედაქალაქებიც თუ გაიზიარებენ, ვფიქრობ, გაჩნდება საჭიროება, სულ მცირე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ხუთმხრივი შეხვედრის ჩატარებისა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

