არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“მზად ვარ არჩევნებისთვის, აშშ-ს ვთხოვ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, უზრუნველყონ მისი ჩატარების უსაფრთხოება, 60-90 დღის განმავლობაში უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მე მზად ვარ არჩევნებისთვის, ვთხოვ აშშ-ს, საჭიროების შემთხვევაში, ევროპელ კოლეგებთან ერთად, უზრუნველყონ არჩევნების ჩატარების უსაფრთხოება, მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, არჩევნების ჩატარება ორ ძირითად პირობაზეა დამოკიდებული, ესენია: უსაფრთხოება და კანონმდებლობის ცვლილება.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება უზრუნველყოფილი.

„არჩევნების ჩასატარებლად ორი საკითხია – უსაფრთხოება, როგორ უნდა მოხდეს ეს დარტყმებისა და რაკეტების პირობებში, როგორ უნდა მისცენ სამხედროებმა ხმა და მეორე – არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობის საკანონმდებლო ჩარჩო.

ვინაიდან ეს საკითხი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჩვენმა პარტნიორებმა წამოჭრეს, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: მე მზად ვარ არჩევნებისთვის. გარდა ამისა, ვთხოვ აშშ-ს, საჭიროების შემთხვევაში, ევროპელ კოლეგებთან ერთად, უზრუნველყონ არჩევნების ჩატარების უსაფრთხოება. ამას ღიად ვაცხადებ, დამეხმარონ. შემდეგ, 60-90 დღის განმავლობაში უკრაინა მზად იქნება არჩევნების ჩასატარებლად. პირადად, მე მაქვს ამისთვის მზადყოფნა.

ვთხოვ ჩვენი ფრაქციის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მოამზადონ საკანონმდებლო წინადადებები საომარი მდგომარეობის დროს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის შესახებ. მომიმზადეთ ეს. ხვალ უკრაინაში ვიქნები, პარტნიორებისა და პარლამენტის წევრების წინადადებებს ველოდები და არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად ვარ.

ეს უკრაინის ხალხის გადასაწყვეტია და არა სხვა სახელმწიფოების ხალხების, ჩვენი პარტნიორების მიმართ სრული პატივისცემით.  მოვისმინე ასეთი მინიშნებები, რომ მე პრეზიდენტის სავარძელი „მიჭირავს“ და სწორედ ამიტომ არ მთავრდება ომი. სიმართლე გითხრათ, ეს სრულიად არაადეკვატურია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დრო დადგა. ამ საკითხზე ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა: „ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იმ წერტილამდე მიდის, სადაც დემოკრატია აღარ არის“.

იტვირთბა....