ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მკითხაობა თუ რეალობა: პოლიტიკოსთა მწვავე რეაქცია NDI-ის კვლევებზე

„საქართველოში მგონი მკითხავებს უფრო ენდობიან, ვიდრე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ჰქონდეს რაიმე ნდობა ან რაიმე რეალურობასთან შესაბამისი სიზუსტე“ – განუცხადა „მეტრონომს“ უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ.

„ძალიან დიდი მეცნიერული ცოდნა სჭირდება, რომ ვინმემ გამოიყენოს ეს შედეგები. პოლიტიკოსებისთვის ეს არაფრის მომცემია“- აცხადებს „მეტრონომთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი.

„იქ რაღაც სახლობანას თამაშობდნენ, იქ მინისტრობანას დეპუტატობანას და თუ რამეს გააფუჭებდნენ, ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდა“- ასე გამოეხმაურა „მეტრონომთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი კვლევის შედეგებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების უმეტესობაში უარყოფითად აფასებენ.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-ს საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს, დღეს გამოქვეყნდა. შედეგებმა მმართველი გუნდის რეიტინგის კატასტრუფული ვარდნა აჩვენა. გუშინ, არაპოლიტიკური ნაწილის შედეგებზე პოლიტიკოსებს თითქმის ერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა  NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს, გუშინდელი შედეგების ტენდენციებს მაინც ყველა ეთანხმებოდა. დღეს ვითარება სხვაგვარადაა, პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით მმართველი გუნდიდან თვლის, რომ კვლევის პოლიტიკური ნაწილი სანდო არ არის. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ „მეტრონომს“ ისიც კი განუცხადა, რომ „საქართველოში მკითხავებს უფრო ენდობიან, ვიდრე NDI-ის კვლევებს“.

მანამდე, სანამ ექსპერტებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების შეფასებებს შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ დღეს გამოქვეყნებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის მნიშვნელოვან შედეგებს:

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუშაობას აფასებს, ყველაზე უარყოფითად კი  – ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას. ასევე, გამოკითხულთა უმეტესეობა დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს, უარყოფითად კი – პარლამენტის.

გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. პოლიტიკოსებიდან ყველაზე დადებითად(15%) დავით ბაქრაძეს აფასებენ. მას მოჰყვებიან ირაკლი ალასანია(17%) და შალვა ნათელაშვილი(6%). რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომელიც არ მოსწონთ, სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 4%-ით ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება”, ხოლო 11 % – ”ნაციონალური მოძრაობა”. კითხვაზე პასუხი არ იცის 43 %-მა, 5% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია, 4 % მიიჩნევს, რომ ”თავისუფალი დემოკრატები” გაიმარჯვებდა, პასუხად სხვას აცხადებს გამოკითხულთა 5 %, აღნიშნულ პასუხში კი მოიაზრებიან პარტიები – ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”გირჩი”, ”საქართველოს გზა” და ”ახალი მემარჯვენეები”.

კონკრეტულად კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, საგრძნობლად შემცირდა ქართული ოცნების მონაცემები. თუკი 2012 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 60 პროცენტზე მეტი მოქალაქე ფიქრობდა, რომ ყველაზე ახლოს მათ შეხედულებებთან ქართული ოცნება დგას, 2016 წელს ამ ციფრმა 16 პროცენტს მიაღწია. ამ მონაცემის მკვეთრი დაცემა 2013 წლის შემდეგ დაიწყო.  2012 წლის ნოემბრის შემდეგ უმნიშვნელოა ამავე მაჩვენებლის ცვლილება ნაციონალური მოძრაობისთვის. მოქალაქეთა 15 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი შეხედულებები ახლოს დგას ამ პარტიასთან.

როგორც „მეტრონომს“ „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, NDI-ის კვლევა ისეთ დროს ჩატარდა, როდესაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და იქ ეს არაა ასახული, ამიტომაც მისი შედეგები რეალობისგან შორსაა.

„პირველივე დღიდან კვლევის შედეგები მოძველებულია, იმიტომ, რომ მას აინტერესებს „ქართული ოცნება“ როგორც კოალიცია, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. ვერ ითვალისწინებს ამ მოვლენას, რომ ხუთი პარტია ცალ-ცალკე გადის არჩევნებზე. ეს ერთი მომენტია, რაც ჩრდილს აყენებს კვლევას. გასაგებია, რომ ის ტყუილად ჩატარდა და მეორე, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი ამბობს უარს კითხვაზე პასუხზე. ამიტომ, ეს სურათი ტენდენციებს ალბათ გამოხატავს, მაგრამ ძალიან შორსაა რეალური შედეგებისგან, რომელიც არჩევნებზე დადგება. ძალიან დიდი მეცნიერული ცოდნა სჭირდება, რომ ვინმემ გამოიყენოს ეს შედეგები. პოლიტიკოსებისთვის ეს არაფრის მომცემია“- განუცხადა „მეტრონომს“ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ კვლევის შედეგების მიხედვით პოლიტიკოსებისგან ყველაზე დიდ მოწონებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე იმსახურებს, ცხოვრება ამას არ ადასტურებს. ხოლო რაც შეეხება არმოწონებას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს, ბერძენიშვი აბობს, რომ ის საერთოდ პოლიტიკოსების სიაში არ არის და კვლევაშიც არ უნდა შეეყვანათ.

„ის შეიძლება მის პარტიაში არ არის ლიდერი, ცუდი კაცი არ არის ალბათ და კარგია რომ მოწონება არის, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ პოლიტიკური რეიტინგი არ არის. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის პოლიტიკოსი საერთოდ არ არის ამჟამად. ვისაც ის პოლიტიკოსების სიაში შეჰყავს, როდესაც აღარაა პრემიერ-მინისტრი რამდენი წელია, ის მთლად სერიოზული კვლევა არ უნდა იყოს და შეიძლება არც სანდო არ იყოს, განსაკუთრებით ეს ნაწილი“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

„მეტრონომთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ლევან ბერძენიშვილს იმ ნაწილში არ ეთანხმება, რომ რადგან კვლევა კოალიციიდან პარტიების გასვლამდეა ჩატარებული, მოძველებულია. ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის რეიტინგით იზომება.

„მე არ ვფიქრობ, რომ პარტიების გასვლა რაიმენაირად ცვლილებებს გამოიწვევს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მთლიანად იზომება ბიძინა ივანიშვილის რეიტინგით. შესაბამისად, პარტიები, რომლებიც გავიდნენ, მათ ჰყავდათ რა თქმა უნდა მხადამჭერების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ მეორე მხრივ, მინუს რეიტინგიც ჰქონდათ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი პარტიის და კოალიცია „ქართული ოცნების“ ცდომილების ფარგლებში პლუს-მინუს ალბათ იგივე იქნება ანუ თავისთავად ზეგავლენას ვერ მოახდენს“- განაცხადა „მეტრონომთან ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკური ფიგურების მოწონება-არმოწონებას, ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკური ლიდერები არ გვყავს და შესაბამისად, ადგილებსაც მნიშვნელობა არ აქვს.

„დავით ბაქრაძე შეიძლება იქ წერია, რომ პირველ ადგილზეა, მაგრამ ეს ადგილი თავისთავად, იმდენად დაბალია პროცენტული მაჩვენებლით, რომ არასერიოზულია ამის განხილვა. ჩვენ გვყავს საშუალო რანგის პოლიტიკოსების დიდი მასა, იქ ვინ პირველია, და ვინ მეორე, მნიშვნელობა არ აქვს. არცერთი ძალის ცენტრი და რეალური პოლიტიკური ლიდერი სამწუხაროდ ამ რეიტინგში არ ფიგურირებს და ვერც იქნებოდა გასაგები მიზეზების გამო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს,  მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად მოხდა მისი დემონიზება. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა, პროპაგანდა, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი პოლიტიკური ოპონენტები, რაღაცნაირად ამაზე ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას აკისრებდნენ. რაც ყველაზე ცუდია, თავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა თითქოს არ იყო ამის წინააღმდეგი. იმიტომ, რომ ისინი გრძნობდნენ კომფორტს, რომ იქ რაღაც სახლობანას თამაშობდნენ, იქ მინისტრობანას დეპუტატობანას და თუ რამეს გააფუჭებდნენ, ბიძინა ივანიშვილს ბრალდებოდა. ეს კომფორტი იგრძნეს. შესაბამისად, მოხდა ის კონსესუსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომ ვინ არის ცუდი კაცი? ბიძინა ივანიშვილია ცუდი კაცი. ჩემი პირადი აზრით, ძალიან უსამართლოა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი აღქმა ჩამოყალიბდა საზოგადოებაში“- განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, თუ ამ მონაცემებით უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო, ვის მოიზარებს კოალიციაში შემსვლელ პარტიებად, ხუხაშვილი პასუხობს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძნელი სათქმელია, რადგან წინასაარჩევნო ტემპერატურა ჯერ ბუნდოვანია.

„სად იქნება ტემპერატურა წინასაარჩევნოდ, რომელი პარტიები მოახერხებენ ერთმანეთისკენ მიმავალი ხიდების ჩატეხვას, ეს ჯერ ბუნდოვანია. ჩემი აზრით, თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა და ვერ მოხერხდა პოლიტიკური პროცესის რაღაც ჩარჩოებში მოქცევა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მულტიპარტიული პარლამენტი, სადაც პოსტსაარჩევნო კოალიციის ფორმირების აუცილებლობა გაჩნდება. ეს შეიძლება კარგი გამოცდილება იყოს ქართული პოლიტიკისთვის, ასეთი პრეცედენტები ადრე არ გვქონია და პრინციპში მე ასეთ განვითარებას დრამატულად არ აღვიქვამდი. ეს არის მოცემულობა და ჯობს ასე მოხდეს, ვიდრე ისევ რაღაც „იწილო-ბიწოლოს“ ჰქონდეს ადგილი. მითუმეტეს, როდესაც არცერთი ეს პოლუსი არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებს, არცერთზე არ აკეთებს არჩევანს. ჩვენ რომ ავიღოთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჯამური რეიტინგი, მათი ჯამური რეიგინგი არის უმცირესობაში. ისინი ჯამურადაც კი არ არიან უფლებამოსილნი, რომ დააკომპლექტონ ამ ქვეყნის ხელისუფლება, არათუ ცალ-ცალკე. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში, მულტიპარტიული პარლამენტი შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი“- განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც „მეტრონომთან“ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განაცხადა, ის ამ კვლევების შეფასებისას ოდნავ უხერხულად გრძნობს თავს, რადგან თავის დროზე, როდესაც ეს გამოკითხვა ჩატარდა, ის კოალიციაში იყო, ახლა კი აღარაა.

„მე ვისურვებდი, რომ მომავალ კვლევაში ჩემი პარტიის რეიტინგი იყოს მაღალი და ეს დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. რაც შეეხება ზოგადად კვლევებს, მე მას არასოდეს განვიხილავ ნდობა-არნდობის ფორმატში. ჩემთვის ეს დოკუმენტი არის სამუშაო მასალა და ვფიქრობ, რომ კარგი მასალაა ყველა პოლიტიკური ძალისთვის განსაზღვროს პრიორიტეტები, გამოწვევები და შეადგინოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. ციფრებს ამ შემთხვევაში საერთოდ არ შევეხები.მე ვფიქრობ, რომ გაანალიზების შემთხვევაში აქ გარკვეული ტენდენციები გამოკვეთილია, რომელზეც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იმუშაოს. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის 61% ადამიანებისა, რომლებსაც არჩევნებამდე 6 თვით ადრე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკურ ძალას სწორად დაგეგმილი და თამიმდევრული პოლიტიკური ქმედებების პირობებში შესწევს ძალა, რომ   ამ ამომრჩევლების ნდობა მოიპოვოს. რაც შეეხება მე რას განვიხილავ, ჩემთვის მთავარი სოციოლოგიური კვლევა არის სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები, როდესაც ადამიანები მიდიან და საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ“- განაცხადა „მეტრონომთან“ მიროტაძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ზურაბ აბაშიძე კი „მეტრონომთან“ საუბრისას მიიჩნევს, რომ ეს კვლევა ძალიან ახლოს არის საზოგადოებრივ აზრთან.

„ხელისუფლების მიმართ ნდობა ძალიან მკვეთრად დაცემულია და იმედგაცრუებაა. რაც შეეხება ყოფილ ხელისუფლებას, მათ მიმართ არანაირი განსაკუთრებული ნოსტალგია არ არსებობს და არ არის ის განცდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვინმეს მოენატრა. კითხვაზე „არის ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს არასდროს დაუჭერდით?“ ასეთები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“, „თავისუფალი დემორკატები“ მიუხედავად თავისი რეიტინგისა, არ ფიგურირებენ ამ მიმართულებით. ეს მაიმედებს მე, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი თუ ვის დაუჭერენ მხარს, დიდი შანსია, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავიანთ მხარდამჭერებად იხილონ მომვალაში“- განუცხადა „მეტრონომს“ აბაშიძემ.

უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ კი „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის NDI-ის კვლევებზე მეტად საქართველოში მკითხავებს უფრო ენდობიან.

„პირველ რიგში, სანამ ადამიანი რაიმე კვლევას შეაფასებ, იხსენებ მის წინა კვლევებს. რამდენად გაამართლა მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და რამდენად იყო შესაბამისობაში იმ შედეგებზე, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ამ კვლევებში ვერცერთი თანხვედრაა მათ მიერ ჩატარებულ კვლევებსა და არჩევნების შედეგებს შორის არასდროს დაფიქსირებულა და ძალიან დიდი განსხვავება იყო მუდმივად. საქართველოში მგონი მკითხავებს უფრო ენდობიან და შეიძლება უფრო ზუსტი ინფორმაცია თქვან მკითხავებმა, ვიდრე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ჰქონდეს რაიმე ნდობა ან რაიმე რეალურობასთან შესაბამისი სიზუსტე.

მაგალითად, ჩვენ კონსერვატორებს თვითმმართველობის არჩევნების დროს, 2010 წელს, NDI-ის გამოკითხვით უნდა მიგვეღო, მაქსიმუმ 0.7%. მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თბილისში კონსერვატორებს მხარს 12%უჭერდა, მთიანად ქვეყნის მასშტაბით 10%-ამდე მხარდაჭერა მივიღეთ მოსახლეობისაგან. როდესაც ასეთი კატასტროფული ცდომილება აქვს ამა თუ იმ კვლევას, რა თქმა უნდა, მის მიმართ საზოგადოებისა და პოლიტიკური სუბიექტებისგან ნდობაზე საუბარი აღარაა“- აღნიშნა გიგა ბუკიამ.

მისი თქმით, ერთადერთი პარტიული ორგანიზაცია და სუბიექტი, რომელსაც მუდმივად NDI-ის მიმართ ნდობა აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“. ის ასევე აღნიშნავს, რომ კვლევის პირველი ნაწილს ეთანხმება, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში კი მათ სულ ცდომილება აქვთ.

„როცა ადამიანი ამ ყველაფერს კითხულობს და ხედავს, რომ ამ ნაწილში ყველაფერი მართალია, ავტომატურად ფიქრობს, რომ სხვა ნაწილიც შეიძება მისთვის ასევე დასაჯერებელი იყოს. ეს არის მიზანმიმართულად და არასწორად საზოგადოების აზრის ჩამოყალიბების მცდელობა“- განაცხადა „მეტრონომთან“ გიგა ბუკიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ კვლევა ცალსახად ნიშნავს, რომ ხალხს აღარ სურს უკუსვლაში და გაჭირვებაში ცხოვრება და რომ შემოდგომის არჩევნებზე  ხელისუფლება შეიცვლება.

„ჩვენი ამოცანაა, წერტილი დავუსვათ დაპირისპირების, რევანშიზმის და შურისძიების პოლიტიკას, გავამთლიანოთ საზოგადოება და ახალი ენერგიით, წარსულის შეცდომებზე სწავლით, გამოცდილებით, ცოდნით, კომპეტენციით და გაკეთებული საქმეებით წავიყვანოთ საქართველო წინ,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დავით ბაქრაძე.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ კი აღნიშნული კვლევების შედეგებით ძალინ გახარებულია, რადგან ის ჯერ არ ჩართულა წინასაარჩევნო კამპანიაში და მოქალაქეები კი მის მიმართ ინტერესს უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გამოხატავენ.

„ჩვენთვის ეს არის სასიამოვნოდ მოულოდნელი შედეგი და ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად შეზღუდული კომუნიკაციისა, ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის ხედვები უკვე იქცევს ამომრჩევლის ყურადღებას“- აცხადებენ „გირჩში“.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....