ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხებზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

დებატების შემდეგ, კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით.

რეზოლუციის დოკუმენტში წერია:

„ევროპარლამენტი კვლავ მზადაა დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეები აკონტროლებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გამოიყენა შანსი, გამხარიყო ევროკავშირის წევრი, თუმცა ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი.

„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხ წერტილს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებას და ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება; ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ საქართველოს გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ ცნობს.

იტვირთბა....