ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„მანდატების შეწყვეტით „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება გააუქმა“ – ტატა ხვედელიანი „მეტრონომთან“

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წარმომადგენელს, ტატა ხვედელიანს ესაუბრა.

„მანდატების საკითხის მიმართულებით, „ქართული ოცნება“ აქამდე რეგლამენტს მიყვებოდა. ამდენად, ეს პროცედურული საკითხი გახლდათ, დღეს კი, როცა ეს თემა სესიაზე გაიტანეს და მას კენჭი უყარეს, ეს უკვე პოლიტიკურ პროცესში გადავიდა.

ამ ნაბიჯით საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულად გაფორმდა.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება გააუქმა“, – გვითხრა ხვედელიანმა.

ამასთან, პოლიტიკოსს კითხვა დავუსვით შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით, 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში.“

„საპარლამენტო მუშაობა და პარტიის დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

დაფინანსება ჩვენმა გუნდმა საკუთარი ამომრჩევლისგან მიიღო.

მართალია, ჩვენ ბევრად მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვითქვამს უარი იმ მაჩვენებლის შესაბამის დაფინანსებაზე, რომელიც „ოცნებამ“ დაგვიფიქსირა.

პარტიას ფუნქციონირებისთვის ფინანსები ესაჭიროება. ჩვენს უკან არ დგას არც ოლიგარქი და არც რაიმე კონკრეტული წყარო, რომელიც არსებობისთვის „შავ ფულს“ მოგვცემდა.

თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, დაფინანსების თემა სრულიად არ არის კავშირში საპარლამენტო მუშაობასთან.

მოგეხსენებათ, ჩვენ, ბოიკოტის გათვალისწინებით, საპარლამენტო მუშაობაზე უარი ვთქვით და ამის შესაბამისად, ჩვენი თორმეტი წევრიდან არც ერთს არც ერთი თეთრი ხელფასი არ აუღია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....