სუდანის სამხედროების მიერ მართულმა მთავრობამ თითქმის სამი წლის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქში დაბრუნება მოახერხა.
კვირას სუდანის პრემიერმინისტრმა კამილ იდრისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. “იმედის მთავრობა” ქალაქ ხარტუმში დაბრუნდა და უახლოეს პერიოდში ქალაქის მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის საბაზისო სერვისების გაუმჯობესებისთვის ზრუნვას დაიწყებს.
კამილ იდრისმა აღნიშნა, რომ მთავრობა ხარტუმში ელექტროენერგიის, წყლის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
სუდანში დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 2023 წლის აპრილში დაიწყო. ერთმანეთს ებრძვიან ყოფილი მოკავშირეები: სუდანის არმია, რომელსაც გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი მეთაურობს და სწრაფი რეაგირების ძალები (RSF), რომლის მეთაურიც მუჰამედ ჰამდან დაგლოა. წარსულში RSF-ს აქტიურად უჭერდა მხარს ვაგნერის ჯგუფი. გავრცელებული ცნობების მიხედვით, დაჯგუფებას მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროები.

