საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიმართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილშია საუბარი.
კობახიძის თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის დუმილს ლოგიკური ახსნა არა აქვს.
“საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს…
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე, ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა, ქართველი ხალხის და ჩვენდა გასაკვირვად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ…” – წერს კობახიძე.