ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კახა კალაძის ცნობით, თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის, დახმარების პაკეტს ამუშავებს

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

გარდა ამისა, კალაძის ინფორმაციით, მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.

“როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 მოვაჭრე დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს.

თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით, დახმარება და მხარდაჭერა აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები შაბათიდან დაიწყო…

მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ“ – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....