თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებში მონაწილე 11 დაკავებული პირის პროცესი გრძელდება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე სიტყვით გამოვიდა, რომელმაც მისი დაკავების დღეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ პროკურატურის ბრალდება გაუგებარია და ისინი ვერ იპოვიან იმას, რასაც სასამართლო 11 დაკავებულს ედავება.
“დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა სხდომაზე რაც გადაწყვეტილებაც მიიღეთ ამის გამო, პირველად მაქვს შეგრძნება, რომ მოსამართლე გვისმენს…
მე შემიძლია ვილაპარაკო პროტესტის მოტივაციაზე და როდის დაიწყო ეს პროტესტი. პროტესტი არც 28 ნოემბერს და არც მანამდე არ დაწყებულა, პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და სანდრო გირგვლიანი მოკლეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო…
…რაც შეეხება 28 ნოემბერს და შემდეგ განვითარებულ დღეებს, ძირითადად, პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 29 ნოემბრის გარდა, სულ პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, მათ შორის იყვნენ საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები, ექიმები, მსახიობები. ერთადერთ დღეს, 29 ნოემბერს შევიცვალე ლოკაცია, როცა გავიგე რომ ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასთან ახლოს იყო, სხვათა შორის, არ გამომყვა, იქ დარჩა, მაგრამ ასვლისთანავე შუშის ბოთლი გამოფრინდა და მომხვდა ფეხში…
დავამატებ, რომ იმ პერიოდში ტელევიზიასთან მქონდა ინტერვიუები, სადაც ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი ზრდილობიანად და მშვიდობიანად უნდა გამოგვეხატა.
ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გედავებიან”,– განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძესა და 10 პირს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

