საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო.
„სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან მიმართებით, რომელიც საჩივარში იყო მოცემული. ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით არა ერთი კონვენციის გარანტირებული მუხლის დარღვევაზე, მათ შორის საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი“, – აღნიშნავს ქურდოვანიძე.