პროტესტის ჩახშობის მიზნით, ქართული ოცნების მიერ რეპრესიული კანონების მიღებას საია ეხმაურება.
საია მიიჩნევს, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს. ამასთან, მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილებები ამ კოდექსშიც შედის, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის გარანტიებს.
საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შემდეგ საკითხებს:
“შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორის პასუხისმგებლობა
ძველ რედაქციაში „მარწმუნებელი“ მხოლოდ შეკრების ინიციატორია, ხოლო „რწმუნებული“ – ამ ინიციატორის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი. საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ტერმინები უქმდება და ნაცვლდება შემდეგით: “ორგანიზატორი” და “პასუხისმგებელი პირი”. „ორგანიზატორად“ ცხადდება არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ნებისმიერი პირი, ვინც „ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას, ხოლო „პასუხისმგებელი პირი“ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პირი, ვინც შეკრების პროცესში რაიმე სახის ორგანიზატორულ საქმიანობას ეწევა.
ეს ნიშნავს, რომ შეკრების ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეიძლება დააკისრონ პასუხისმგებლობა, თუნდაც ის ოფიციალურად ორგანიზატორი არ იყოს. ასეთმა ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე. ამასთანავე, ახალი რედაქცია “პასუხისმგებელ პირს” აკისრებს ვალდებულებას აქციის ჩასატარებლად ხელმოწერილი გაფრთხილება შეიტანოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების შესახებ.
ამასთანავე, გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი.
სპონტანური შეკრების/მანიფესტაცია
კანონმდებლობას ემატება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის შემთხვევაში გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს გაფრთხილების ვალდებულება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სპონტანურ შეკრებებზე წინასწარი, 5 დღით ადრე გაფრთხილების მოთხოვნა არაკონსტიტუციური იყო, რადგან ეს პირობა შეკრების სპონტანურ ბუნებას ეწინააღმდეგებოდა2. სპონტანური აქციის შემთხვევაში განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ახალი ფორმულირება საშუალებას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენლებს თვითნებურად განსაზღვრონ გაფრთხილების ფორმა და წესი.
საია მიიჩნევს, რომ თუ შეტყობინების ფორმა არ იქნება მარტივი, ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან დაცლილი მექანიზმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ, მაგალითად, სამართალდამრღვევად შეიძლება მიიჩნიონ დაანონსებული მარშების როგორც ორგანიზატორები, ისე მონაწილეები, იმ მარტივი მიზეზით, თუ წინასწარ არ იქნება შეტყობინება გაკეთებული. ამასთან, თავის მხრივ, ამ შეტყობინების გაკეთების ვალდებულებით, “ქართული ოცნების” რეჟიმისთვის შეცნობადი ხდება ვინ არის კონკრეტული მარშის ორგანიზატორი, რაც გაუადვილებს მათ შემდეგ მის მიმართ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას. სხვა კუთხით, ასეთი მარშების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, მათ შორის, ადმინისტრაციული უწყებებისთვის.
შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ახალი რეგულაციით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში ან შენობაში იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე წინასწარ არ თანხმდება და ეს თანხმობა წერილობითი ფორმით უნდა გაიცეს. გარკვეულ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად შეიძლება ვერც მიიღონ მფლობელის წერილობითი თანხმობა, თუნდაც ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, წერილობითი დოკუმენტი შესაძლოა იყოს უძრავი ქონების მფლობელის აქციის ორგანიზატორად ცნობის მიზეზი და შემდგომ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
ეს არის რეაქციული პასუხი უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტებზე, რისი აღკვეთაც “ქართულ ოცნებას” ამ აკრძალვით სურს. მისთვის წინასწარვე შეცნობადია, რომ საჯარო უნივერსიტეტების უმრავლესობა, განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ხშირად ასეთი შეკრებების მთავარი კერაა, არ მისცემს შეკრების უფლებას სტუდენტებს. იგივე შეიძლება ითქვას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზეც, რომელიც 2024 წელს რეგიონში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი კერა იყო.” – ნათქვამია საიას დოკუმენტში.
შეფასება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.