ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

თაღლითური სქემა: ბანკი „რესპუბლიკა“ უარყოფს, გაზეთი კი განცხადებას აქვეყნებს

“ბანკები და ფინანსები” აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით – “ბანკი რესპუბლიკა” სკანდალში ეხვევა

გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია თაღლითურ სქემაზე, რომელშიც ბანკის თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. “გავრცელებული ინფორმაციით, “ბანკი რესპუბლიკას” თანამშრომელმა, ამავე ბანკის ერთ-ერთ მეანაბრის კუთვნილი დეპოზიტიდან თანხა უცხოეთში, სავარაუდოდ საკუთარ ანგარიშზე მიმართა და მიიმალა. ამ შემაშფოთებელი და თავისი არსით კრიმინალური ისტორიის დეტალები, რაზეც საბანკო სისტემის კულუარებში, როგორც აღმოჩნდა, თვეზე მეტია საუბრობენ, ასეთია: ერთ-ერთმა შეძლებულმა ადამიანმა, თავისი ახლობლის რეკომენდაციით (როგორც ირკვევა და ამბობენ, მეზობლის), რომელიც “ბანკი რესპუბლიკას” თანამშრომელი იყო, მის ხელთ არსებული სოლიდური მოცულობის თანხა “ბანკი რესპუბლიკას” ანაბარზე შეიტანა. საუბარია 950 000 აშშ დოლარზე. დეპოზიტს ყოველთვიური სარგებლის სახით 5 000 აშშ დოლარამდე უნდა დარიცხვოდა. პირველი სამი თვის განმავლობაში, მეანაბრეს მართლაც ერიცხებოდა სარგებელი, შემდეგ კი ეს პროცესი შეწყდა.

როგორც ირკვევა, სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა იგი ვითარებით, მიმართა ბანკს და აღმოჩნდა, რომ 950 000 დოლარი მის ანაბარზე აღარ იყო. შემდგომ, როგორც იტყვიან, როგორც კინოში, – გაირკვა, რომ მისსავე რეკომენდატორსა და მეზობელსა და ახლობელს, რომელსაც გაუკრვეველია რატომ, მაგრამ, როგორც ჩანს, კლიენტის ანგარიშზე სრული წვდომა შეეძლო, ანგარიშიდან 950 000 დოლარი მოუხსნია, საკუთარ ანგარიშზე გადაურიცხავს უცხოეთში და შემდეგ თავადაც გასულა საქართველოდან”.-წერს გაზეთი.

სტატიის ბოლოს ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მსგავსს ხერხებს საქართველოში მოქმედი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები ხშირად მიმართავენ.

“უნდა ითქვას, რომ ეს პრაქტიკა მანკიერია. ასე არ იქცევიან ცივილიზებულ დასავლეთში, სადაც ფულის ყადრიც უკეთ იციან და რეპუტაციისაც.

მსგავსი კრიმინალური ისტორიებიდან სოლიდური ფინანსური ინსტიტუტები გაძლიერებულებიც კი გამოდიან, როცა ჩუმად კი არ ანაზღაურებენ ზარალს, არამედ ბოდიშს იხდიან და უსაფრთხოების სისტემებს ხვეწენ და აძლიერებენ. აქ, რა თქმა უნდა, მარეგულირებლის, ჩვენს შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან, მიდგომასა და მის პრინციპულობაზეც ბევრია დამოკიდებული.

ცნობისთვის, – საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები დაახლოებით 15 მლრდ ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მოსახლეობის მხრიდან საბანკო სისტემისადმი საკმაოდ ნდობაზე მიუთითებს. ბანკი, თავისი არსით, პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტი”.-წერს ჟურნალისტი.

“მეტრონომი” დაუკავშირდა “ბანკ რესპუბლიკას”. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია.

“მსგავსი პრეტენზიით ჩვენს არცერთ კლიენტს არ მოუმართავს. ვწუხვართ, რომ მედია ასე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს.”-აცხადებენ ბანკში.

“მეტრონომი” გაზეთ “ბანკები და ფინანსების” რედაქტორ ზურა კუკულაძე დაუკავშირდა. კუკულაძის თქმით, რედაქცია ამჯერად მუშაობს საპასუხო განცხადების ტექსტზე. ჩვენს კითხვაზე იყო თუ არა მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებული, კუკულაძე დაგვპირდა, რომ აღნიშნულზე განმარტებას მოგვიანებიტ გააკეთებს.

თავის მხრივ, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქცია აღნიშნავს, რომ თემაზე მუშაობას აგრძელებს, – მზადდება შესაბამისი წერილები საქართველოს ეროვნული ბანკის, „ბანკი რესპუბლიკას“ დამფუძნებელი „სოსიეტე ჟენერალესა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით. ვიაზრებთ, რა საკითხის მნიშვნელობას, თემის მოკვლევას ბოლომდე მივიყვანთ და შესაბამის მასალას საზოგადოებას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ. გამოცემა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემული პუბლიკაცია ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, რომლებმაც იდენტური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს გაზეთს. ბუნებრივია, გამოცემა მსგავსი ხასიათისა და მასშტაბის ინფორმაციას გვერდს ვერ აუვლიდა. პირველი რაც გაკეთდა, იყო ის, რომ შედგა კომუნიკაცია „ბანკ რესპუბლიკას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, რომლის მხრიდანაც მოხდა ინფორმაციის უარყოფა, რაც აისახა კიდეც პუბლიკაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ბანკები და ფინანსების“ მხრიდან ისტორიის გადმოცემისას, პუბლიკაციის არცერთ ნაწილში თხრობა არ ყოფილა მტკიცებით ფორმაში, მიუხედავად იმისა, რომ იმ რამდენიმე წყაროს, რომლებზე დაყრდნობითაც „ბანკები და ფინანსებმა“ ინფორმაცია გაავრცელა, სრულად ენდობა.

მიუხედავად „ბანკი რესპუბლიკას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარმყოფელი განცხადებისა, საკითხთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები“ გეგმავს ოფიციალურად მიმართოს, როგორც თავად „ბანკ რესპუბლიკას“, ისე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ბანკი რესპუბლიკას“ დამფუძნებელ ფინანსურ ინსტიტუტს –  „სოსიეტე ჟენერალეს“.

„ბანკები და ფინანსები“ მკითხველს დაუყოვნებლივ გააცნობს მიღებული გამოხმაურებების შინაარსს“. – ნათქვამია „ბანკების და ფინანსების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....