ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, დასავლეთ ბენგალის შტატში 12 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ფონზე დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
არასრულწლოვანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი ტბაში იპოვეს, რამაც საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია.
ქალაქ ბარუიპურში გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დაღუპული გოგოსთვის სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ. პროტესტის დროს ხალხმა 26 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მოკლულს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია.
ამასთან, საქმის ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს პოლიციამ ესროლა. ოფიციალური პირების ცნობით, დანაშაულის ადგილის დათვალიერებისას მან პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა.
მედიის ცნობით, ძალადობრივი საპროტესტო აქციების დროს დააზიანეს პოლიციის ავტომობილები, ასევე გადაკეტეს გზები და სარკინიგზო ხაზები.

