აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დიდ ბრიტანეთში პარტია „ბრიტანეთის რეფორმისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შემოწირული 500 ათასი ფუნტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს – „გარდიანი“

დიდ ბრიტანეთში პარტია „ბრიტანეთის რეფორმისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შემოწირული 500 ათასი ფუნტის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება.

საქმე ეხება პოლიტიკურ დონორ ფიონა კოტრელის მიერ განხორციელებულ ორ, 250-250 ათასი ფუნტის ოდენობის შემოწირულობას. გამოძიება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევას ეხება.

როგორც „გარდიანი“ წერს, ფიონა კოტრელის ვაჟი, ჯორჯ კოტრელი, პარტიის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის დიდი ხნის პოლიტიკური თანამოაზრეა და ხშირად ახლდა სხვადასხვა ღონისძიებაზე. გამომძიებლები ამოწმებენ, ხომ არ გამოიყენეს აღნიშნული შემოწირულობები კანონით დაუშვებელი დონორის ვინაობის დასაფარად. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯორჯ კოტრელი 2017 წელს აშშ-ში ელექტრონული თაღლითობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს, მას პატიმრობა მიუსაჯეს. ამჟამად ის კრიპტოვალუტების სფეროში საქმიანობს.

ლონდონის პოლიციის განცხადებით, გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ სამართალდამცავებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელებული შემოწირულობების საკითხი გადასცა.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა ორი პირი, თუმცა ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.

ამასთან, „ბრიტანეთის რეფორმისთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პარლამენტის ეთიკის წესების შესაძლო დარღვევის გამო მიმდინარე გამოძიების ქვეშაც მოექცა. კერძოდ, როგორც „სანდეი თაიმსი“ წერს, 2023 წელს ფარაჯმა ჯორჯ კოტრელისგან მხარდაჭერა მიიღო, თუმცა იგი პარლამენტის წესების შესაბამისად არ დაარეგისტრირა.

იტვირთბა....