სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, თბილისში, ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსი, რომელშიც 53 ოჯახი ცხოვრობდა, ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია და საჭიროა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარება, რომ ის საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს. ამ თემაზე თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მობინადრეების დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალურ ინსპექციას საქმის წარმოება აქვს დაწყებული.
“ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. არის პრობლემური შენობა-ნაგებობა. საბურთალოს გამგეობამ უსაფრთხოების მიზნით პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია, გამოყვანა და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა და ქირით კომპენსაცია, უზრუნველყოფა. […] სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შევუკვეთეთ კვლევა დაჩქარებული წესით და მოვიდა უკვე დასკვნა, რომ კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია, საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, სამუშაოების ჩატარება, რომ კორპუსი იყოს უსაფრთხო”, – განაცხადა კახა კალაძემ.