კახეთში მარცვლეულის მოსავლის აღება დაიწყო. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელი ბევრი ფერმერისთვის გადამწყვეტი იქნება, კვლავ გააგრძელებს თუ არა საქმიანობას.
გასულ პერიოდში სექტორს ხორბლის დაბალი ფასის გამო, მარაგების რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა, ფერმერებმა შემოსავალი ვერ მიიღეს, რამაც ნათესი ფართობების შემცირება გამოიწვია. BMG-ისთან არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრისას, ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, რომ თუ წელს ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულებაში, 70 თეთრად მაინც არ გაიყიდება, ფერმერები დაგროვილი ვალების გასტუმრებას და საქმიანობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ.
„ფართობების ნაწილი დასამუშავებელი დარჩა, თუმცა თავად მოსავალი ცუდი არ იქნება, წელს შარშანდელზე უკეთესი ხარისხის იქნება. ეს წელია ჩვენთვის გადამწყვეტია – ან უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა, ან გავჩერდეთ. მოგებაზე საუბარი არაა, ახლა თვითღირებულება თუ ვერ მიიღო და ვალები ვერ გადაიხადა, ბევრი დაკარგავს მიწასაც, ტრაქტორსაც, კომბაინსაც. ორი წლის ვალები გვაქვს გადასახდელი. როდესაც სასურსათო უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ადგილობრივ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, ჩვენ ფართობები უნდა გავზარდოთ, კი არ უნდა შევამციროთ. ახლა პირიქით ხდება.
1 კგ. ხორბლის ფასი 70 თეთრი რომ გახდეს, არც ერთ პროდუქტზე არ აისახება, პური არ გაძვირდება. ეს დათვლილია, შეთანხმებულია, რომ 52 ლარი უნდა ღირდეს ფქვილი, რომ არ გაძვირდეს პური და თუ 1 ტომარა ფქვილი 52 ლარი ეღირება, წისქვილი ფერმერისთვის 1 კგ ხორბალში 70 თეთრის გადახდას შეძლებს. ეს შეთანხმებული იყო შარშან, ორი კვირა იმუშავა, თუმცა შემდეგ რუსეთიდან იაფი ფქვილის შემოტანა დაიწყო და 70 თეთრი აღარ გადაგვიხადეს. პურის ფასი ისევ იმ ნიშნულზე დარჩა. აქ არის ლუფტი, რომ ფქვილს ფასი ისე მოემატოს, პური არ გაძვირდეს და ფერმერმაც თვითღირებულება მიიღოს, რათა დარგი არ ჩამოიქცეს. ამის ბალანსი უნდა მოხდეს“, – აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან არსებობს დაპირება საკითხთან დაკავშირებით შტაბის შექმნის შესახებ. ასევე, არის საუბარი, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ფქვილზე, ქერსა და ქატოზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი გაიზარდოს.
„ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ დაპირება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, შეიქმნება შტაბი. წისქვილებიც იქნებიან ჩართული, საწარმოები, რომლებიც კომბინირებული საკვებს ამზადებენ, ალბათ, მეფრინველეობის ასოციაციაც. დაპირება არის და რეალურად რა იქნება, პროცესი გვაჩვენებს“, – აცხადებს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის გამოწვევები 2022 წელს დაიწყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე – რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ. საპასუხოდ, მთავრობამ დროებითი საიმპორტო გადასახადი დააწესა ქერზე (100 ლარი), ქატოსა (100 ლარი) და ფქვილზე (250 ლარი), რომელიც ბოლო გახანგრძლივების შედეგად, 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს.
მიმდინარე წლის მონაცემებით, ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხოლო ხორბლის – გაიზარდა.