აქტუალური თემა ახალი ამბები

“ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ – შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შეეხებათ.

„რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას. ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპიროს ან სხვა სქესს. პროპაგანდაა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს არის ინცესტის პროპაგანდა. თუ იქნება ამ სამი საკითხის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, ეს იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაუწყებლებში, ასეთი სახის პროგრამები.

რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომ ეს ეხება იმდენად რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არ გაშვებას. არა თემატურად, შინაარსობრივად შეზღუდვას, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკა.

დავაზუსტებ, ეს ეხება მაუწყებლებსა და კინოჩვენებას. არ ეხება სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად თუ ტელევიზიით გადის რაიმე ფილმი და არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული. ეს შეზღუდვა ეხება კინოთეატრებსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....