ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა “თალიბანი” შესაძლოა აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს

რუსეთმა “თალიბანი” შესაძლოა ქვეყანაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოიღოს – როგორც პროპაგანდისტული TASS-ს ავღანეთში სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელმა, ზამირ ქაბულოვმა განუცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა პუტინს ეს წინადადება უკვე შესთავაზეს.

2021 წლის აგვისტოში, თალიბებმა ავღანეთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა რუსეთში ამ დრომდე აკრძალულია და ტერორისტულადაა გამოცხადებული, რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ინარჩუნებს კავშირს მასთან და დელეგაციებიც რეგულარულად ჩადიან რუსეთში.

TASS წერს, რომ თალიბანის წარმომადგენლები მიწვეულები არიან სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფორუმზეც, რომელიც 5-8 ივნისს გაიმართება.

ავღანეთში, თალიბანის პირობებში, მასიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. საერო კანონმდებლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა შარიათის კანონით. დევნიან და საჯაროდ სიკვდილით სჯიან დისიდენტებს. ქალებს აკრძალული აქვთ განათლებისა და მუშაობის უფლება.

იტვირთბა....